გაციება

გაციება ცხვირის, ყელის, სინუსებისა და ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი ვირუსული ინფექციაა. ეს ძალიან ხშირი მდგომარეობაა და ჩვეულებრივ თავისით გადის ერთ ან ორ კვირაში.

გაციების მთავარი სიმპტომებია:

  • ყელის ტკივილი
  • გაჭედილი ცხვირი ან სურდო
  • ცემინება
  • ხველა.

შესაძლებელია უფრო მწვავე სიმპტომების გამოვლინებაც, როგორიცაა სიცხე (მაღალი ტემპერატურა) და კუნთების ტკივილი, თუმცა ეს სიმპტომები უფრო მეტად გრიპთანაა ასოცირებული.

 

რა უნდა გააკეთოთ გაციების დროს?

გაციების წამალი არ არსებობს, მაგრამ ამ დროს საჭიროა თავის მოვლა შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

  • დასვენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება და ჯანსაღი კვება
  • ტკივილის ან დისკომფორტის შესამცირებლად შეიძლება ტკივილგამაყუჩებლების, მაგალითად პარაცეტამოლის, ან იბუპროფენის გამოყენება
  • გაჭედილი ცხვირის სამკურნალოდ ცხვირის გასახსნელი სპრეის, ან აბების გამოყენება
  • მკურნალობის ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა მარილიანი წყლის ყელში გამოვლება და მენთოლიანი კონფეტების წუწნა.

ტკივილგამაყუჩებლები და ცხვირის გასახსნელი საშუალებები შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში რეცეპტის გარეშე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მათი უმრავლესობა შეიძლება დასაშვები და უსაფრთხო იყოს დიდი ბავშვებისთვის, მაგრამ არ შეიძლებოდეს ჩვილებისთვის და პატარა ბავშვებისთვის, ან ადამიაენბისთვის, რომლებსაც აქვს ზოგადი ჯანმრთელობის პრობლემები, ან იღებენ სხვა წამლებს. ამიტომ წამლის შეძენამდე აუცილებლად გაესაუბრეთ და ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს რომელი წამალი იქნება უკეთესი თქვენთვის ან თქვენი ბავშვისთვის.

 

როდის მივმართოთ ექიმს?

გაციების დროს ექიმთან ვიზიტი, როგორც წესი არ არის საჭირო, რადგან გაციება თავისით გაივლის ერთი ან ორი კვირის განმავლობაში. ექიმთან ვიზიტი მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, თუ:

  • სიმპტომები 3 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა
  • სიმპტომები მოულოდნელად გაუარესდა
  • გაქვთ სუნთქვის გაძნელება
  • გაგინვითარდათ გაციების გართულებები, როგორიცაა მკერდის ტკივილი, ან სისხლიანი ნახველის ამოხველება.

ასევე უმჯობესი იქნება თუ მიმართავთ ექიმს, თუ ნერვიულობთ პატარა ბავშვზე ან ხანდახზმულზე, ან გაქვთ ხანგრძლივი ავადმყოფობა, მაგალითად ფილტვის დაავადებები.

 

რა იწვევს გაციებას?

გაციება ცხვირისა და ყელის ამომფენი შრის შემტევი ვირუსებითა და დაზიანების უბნების ანთებითაა გამოწვეული. ანთების დროს ეს უბნები უფრო დიდი რაოდენობით ლორწოს წარმოქმნიან, რაც სურდოსა და ცემინებას იწვევს.

გაციების გამოწვევა ვირუსების 200 ტიპზე მეტს შეუძლია. ყველაზე ხშირად გაციების გამომწვევი პათოგენები რინოვირუსებისა და კორონავირუსების 2 ჯგუფს მიეკუთვნებიან.

გაციების გამომწვევი ვირუსების რაოდენობის გამო, შესაძლოა ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმეჯერ გაცივდეთ, რადგან თითოეული შემთხვევა სხვადასხვა ვირუსითაა გამოწვეული.

 

როგორ ვრცელდება გაციება?

ზოგადად, გაციებული ადამიანი გადამდები ხდება სიმპტომების განვითარებამდე 2-3 დღით ადრე და იქამდე, სანამ სიმპტომები ბოლომდე არ გაქრება. ამიტომ ადამიანების უმრავლესობას გაციების გადადება დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში შეუძლია.

თქვენ შეიძლება გადაგედოთ გაციება, გაციებულ ადამიანთან:

  • პირდაპირი კონტაქტით - დაცემინების ან დახველების დროს გაციების გამომწვევი ვირუსის შემცველი სითხის პაწაწინა წვეთები ჰაერში იფანტება და შესაძლოა სხვა ადამიანმა შეისუნთქოს
  • არაპირდაპირი კონტაქტით - თუ გაციების გამომწვევი ვირუსის შემცველი წვეთები, დაცემინების ან დახველების შედეგად მოხვდება კარის სახელურზე, მაგიდაზე, კანზე ან ნებისმიერ ზედაპირზე, შემდეგ ამ სახელურს, კანს ან ზედაპირს რამდენიმე წუთის შემდეგ სხვა ადამიანი შეეხება და ამ ხელს მოისვამს პირზე ან ცხვირზე შესაძლოა გაციების ვირუსი მათაც გადაედოთ.

გაციება ხშირ შემთხვევაში ვრცელდება ადამაინთა ჯგუფებში, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, მაგალითად ოჯახის წევრები, თანამშრომლები, ბავშვები სკოლაში ან ბაღში და ა.შ.

აქ გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში, სამწუხაროდ ძალიან ცოტა ადამიანი აქცევს ყურადღებას თავის სიმპტომებს და საერთოდ არ ზრუნავენ გარშემომყოფებზე. რატომღაც მიიჩნევა, რომ გაციება არ არის გადამდები და უბრალოდ შეციების შედეგია, თუმცა ეს ასე არ არის! გაციება გამოწვეულია ვირუსით და არის ძლიერ გადამდები ვირუსული დაავადება!

მაგალითად გაციებული ადამიანი, რომელიც მგზავრობს ავტობუსით, ან სამარშრუტო ტაქსით და არ აქვს აფარებული ცხვირზე ნიღაბი, პოტენციურად შეიძლება დააავადოს ყველა მგზავრი და ეს რატომღაც შეწყნარებულია საზოგადოების მიერ და არ ითვლება ბოროტმოქმედებად!

გაციება უფრო ხშირია ზამთარში, თუმცა ამისი ზუსტი მიზეზი არ არის დადგენილი.

 

როგორ ავარიდო თავი გაციების გავრცელებას?

გაციების პრევენციისთვის შეგიძლიათ შემდეგი ზომები მიიღოთ. მაგალითად:

  • რეგულარულად და კარგად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით ცხვირზე ან პირზე შეხების შემდეგ და სანამ საკვებს შეეხებით
  • ყოველთვის დააცემინეთ და ჩაახველეთ ქაღალდის ცხვირსახოცში, ეს ცხვირში ან პირში არსებული ვირუსის შემცველი წვეთების ჰაერში გაფანტვისა და სხვა ადამიანების ინფიცირების პრევენციაში დაგეხმარებათ; დაცემინების ან დახველების შემდეგ, მაშინვე გადააგდეთ გამოყენებული ცხვირსახოცი და დაიბანეთ ხელები
  • რეგულარულად გადაწმინდეთ ზედაპირები, რათა ისინი ბაქტერიებისგან თავისუფალი იყოს
  • გამოიყენეთ საკუთარი ფინჯანი, თეფშები, მჭრელი ინსტრუმენტები და სამზარეულოს ჭურჭლეულობა
  • არ გაუზიაროთ პირსახოცები, ან სათამაშოები მათ ვინც არის გაციებული.
  • ხელებისა და სახის გასამშრალებლად, საერთო პირსახოცების ნაცვლად ერთჯერადი ქაღალდის პირსახოცები გამოიყენეთ. გამოყენების შემდეგ ყოველთვის გადააგდეთ ქაღალდის ხელსახოცები.

არსებობს მოსაზრება, რომ C ვიტამინის, თუთიას და ნიორის დანამატებს შეუძლიათ გაციების რისკის შემცირება, მაგრამ ამჟამად ამის დამამტკიცებელი საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

გაიგეთ მეტი გაციებისა და გრიპის პრევენციის შესახებ.

ბოლო განხილვის თარიღი: 30/04/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 30/04/2017