გრიპი

გრიპით ავად ყოფნის დროს, მისი სიმპტომების კონტროლი, ჩვეულებრივ ექიმის გარეშეცაა შესაძლებელი, სახლის პირობებში მკურნალობით. ადამიანთა უმეტესობა თავს უკეთ იგრძნობს ერთი კვირის განმავლობაში.

ექიმთან ვიზიტი ან მისი გამოძახება დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ უფრო სერიოზულად ავად გახდომის მაღალი რისკი გაქვთ. ამ რისკ ჯგუფში მოიაზრებიან:

  • 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები
  • ორსულები
  • ფილტვების, გულის, თირკმელების, ღვიძლის ან ნევროლოგიური დაავადებების მქონე ადამიანები
  • შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები
  • დიაბეტით დაავადებული ადამიანები. 

ასეთ შემთხვევებში, ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია მოგცეთ ანტივირუსული წამლების მიღებაზე.

 

სიმპტომების მკურნალობა სახლის პირობებში

თუ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაწუხებთ, გრიპის დროს მკურნალობის საკმარისი ფორმა არის თავის კარგად მოვლა, რაც მოიცავს სახლში დარჩენას და დასვენებას, ასევე თბილად ყოფნას და დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, დიდი რაოდენობით სითხეების მიღებას.

თუ თავს ცუდად გრძნობთ და გაქვთ სიცხე, შეგიძლიათ მიიღოთ პარაცეტამოლი ან ანთების საწინააღმდეგო წამლები, როგორიცაა იბუპროფენი, რომ შეამციროთ მაღალი ტემპერატურა და მოიხსნათ ტკივილი. გაითვალისწინეთ, რომ 16 წლამდე ბავშვებისთვის ასპირინის მიცემა არ შეიძლება.

გრიპით ავადმყოფობის დროს, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ძალიან მნიშვნელოვანია დარჩეთ სახლში და არ წახვიდეთ სკოლაში ან სამსახურში, ასევე თავი შეიკავოთ საზოგადოებრივ და ხალხმრავალ ადგილებში მოძრაობისგან. ადამიანთა უმეტესობისთვის, ეს დაახლოებით ერთ კვირას შეადგენს.აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები გაუარესდა, ან გრძელდება ერთ კვირაზე მეტ ხანს.

ანტიბიოტიკები არ გამოიყენება გრიპის დროს, რადგან მათ არ აქვთ ვირუსებზე ზეგავლენა. მაგრამ ისინი შესაძლოა საჭირო გახდეს გრიპის გართულებების სამკურნალოდ, განსაკუთრებით სერიოზულ მკერდის ინფექციების ან პნევმონიის დროს.

 

ანტივირუსული მედიკამენტები

2009 წელს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვისა და მზრუნველობის გაუმჯობესების ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოსცა რეკომენდაცია, რომ გრიპის გართულებების შესამცირებლად, ექიმებმა უნდა განიხილონ ანტივირუსული მედიკამენტებით, ტამიფლუთი, ან რელენზათი, მკურნალობა, იმ ადამინებისთვის, ვინც ვინც ზემოთ ჩამოთვლილ რისკ ჯგუფში ხვდებიან.

ანტივირუსული წამლები ორგანიზმში ვირუსების განმრავლებას აჩერებენ და ასე მოქმედებენ დაავადებაზე. ეს წამლები გრიპს არ კურნავს, მაგრამ შეუძლიათ ავად ყოფნის დროის მცირედით შემცირება და ზოგიერთი სიმპტომის შემსუბუქება.

ბოლო კვლევების მიხედვით, ტამიფლუ და რელენზა შეიძლება არ იყოს ეფექტური გრიპის გართულებების რისკის შესამცირებლად და ასევე შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, ამიტომ დიდ ბრიტანეთში ყველა ექიმი არ თანხმდება მათი გამოყენების აუცილებლობაზე.

თუმცა, არსებობს მტკიცებულებები, რომ ანტივირუსულ წამლებს შეუძლიათ პაციენტების სიკვდილიანობის რისკის შემცირება. ამ მტკიცებულებების გამო, ინგლისის სახალხო ჯანდაცვის ცენტრი ეუბნება ექიმებს, რომ მძიმედ ავად მყოფ პაციენტებს უნდა გაუგრძელდეთ ამ წამლების გამოწერა, როდესაც ეს არის შესაძლებელი.

ბოლო განხილვის თარიღი: 1/04/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 1/04/2017