სუნთქვის უკმარისობა

სუნთქვის უეცარი უკმარისობა ან სუნთქვის გაძნელება არის პაციენტების კლინიკაში და სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მოხვედრისა ყველაზე ხშირი მიზეზი.

ეს არის ასევე ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, რის გამოც პაციენტები იძახებენ სასწრაფო დახმარების მანქანებს.

სუნთქვის გაძნელება ნორმალურია, როდესაც საკუთარ თავს ზედმეტად დაიტვირთავთ, მაგრამ როცა სუნთქვის გაძნელება ხდება სწრაფად  და მოულოდნელად, როგორც წესი ეს არის სამედიცინო მდგომარეობის გამაფრთხილებელი ნიშანი.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია აღწერს ყველაზე ხშირ მიზეზებს:

  • თუ რატომ ვითარდება უეცარი სუნთქვის უკმაროსობა
  • თუ რატომ ვითარდება ქრონიკული სუნთქვის უკმარისობა 

ეს ინფორმაცია არ შეიძლება გამოიყენოთ როგორც გზამკვლევი თვითდიაგნოსტიკისთვის, მაგრამ მოგცემთ ზოგად წარმოდგენას, იმის შესახებ თურა შეიძლება იწვევდეს სუნთქვის უკმარისობას.

 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

დაუყოვნებლივ უნდა დაურეკოთ თქვენს ოჯახის ექიმს თუ გაგივითარდათ უეცარი სუნთქვის გაძნელება, რადგან შეიძლება გქონდეთ ჰაერგამტარი გზების ან გულის პრობლემა.

თუ სუნთქვის გაძნელების მიზეზი არის შფოთვა, შეიძლება გთხოვონ საავადმყოფოში მისვლა.

ჰაერის უკმარისობის შეგრძნება შესაძლოა შემაძრწუნებელი იყოს თქვენთვის, მაგრამ ექიმები კარგად არიან გავარჯიშებულები ამ მდგომარეობის მართვაში. თქვენ სასუნთქად მოგაწვდიან ჟანგბადს, ნიღბის მეშვეობით, რომ შეგიმსუბუქონ სიმპტომები, სანამ ექიმები გამოიკვლევენ და უმკურნალებენ ჯანმრთელობის პრობლემას, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას.

თუ უკვე რაღაც პერიოდია გასული მას შემდეგ, რაც ებრძვით სუნთქვის გაძნელებას არ დატოვოთ ის უყურადღებოდ: მიაკითხეთ თერაპევტს, რადგან შესაძლოა თქვენ გქონდეთ ისეთი პრობლემები როგორიცაა: ჭარბიწონა,  ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომლებიც სწორ მართვას და კონტროლს საჭიროებენ.

ექიმმა შეიძლება დაგისვათ კითხვები, როგორიცაა:

  • სუნთქვის უკმარისობა განვითარდა უეცრად თუ თანდათანობით?
  • ჰქონდა ამ მდგომარეობას რაიმე გამომწვევი, მაგალითად ვარჯიში ან დატვირთვა?
  • რამდენად მძიმეა ეს მდგომარეობა თქვენთვის? ეს მოხდა მხოლოდ დატვირთვის დროს თუ როდესაც ისვენებდით მაშინაც?
  • სუნთქვის დროს გაქვთ თუ არა ტკივილი?
  • გაქვთ ხველა?
  • ართულებს თუ არა მდგომარეობას გარკვეული პოზიციები? მაგალითად გიჭირთ დაწოლა?

 

უეცარი სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი მიზეზები:

სუნთქვის სწრაფი და მოულოდნელი გაძნელების ყველაზე სავარაუდო მიზეზი ერთ-ერთია ქვემოთ ჩამოთვლილი ჯანმრთელობის მდგომარეობათაგან.

 

ფილტვების ან ჰაერგამტარი გზების პრობლემა:

სუნთქვის სწრაფი გაძნელება შესაძლოა იყოს ასთმის შეტევა. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ჰაერგამტარი გზები შევიწროვდა და წარმოიქმნება უფრო მეტი ნახველი (წებოვანი ლორწო), რაც განაპირობებს ხმაურიან სუნთქვას და ხველას. თქვენ იგრძნობთ სუნთქვის უკმარისობას, რადგან ჰაერს უჭირს ჰაერგამტარ გზებში მოძრაობა.

თერაპევტმა შეიძლება გირჩიოთ სპეციალური ხელსაწყოს (სფეისერის) გამოყენება ასთმის ინჰალატორთან ერთად. ეს ხელსაწყო მიაწვდის უფრო მეტ მედიკამენტს ფილტვებს და დაგეხმარებათ სუნთქვის გაუმჯობესებაში.

პნევმონიამ (ფილტვების ანთება) ასევე შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა და ხველა. ის როგორც წესი ინფექციითაა განპირობებული, ამიტომ დაგჭირდებათ ანტიბიოტიკების მიღება.

თუ გაქვთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD), ამ შემთხვევაში სუნთქვის გაძნელება მიუთითებს დაავადების უცაბედად გაუარესებაზე.

 

პრობლემა გულზე

შესაძლებელია იყოს „ფარული“ გულის შეტევა, თუ სხვა აშკარა სიმპტომები არ არის წარმოდგენილი, როგორიცაა: ტკივილი გულ-მკერდის არეში და გადამეტებული შფოთვა, ასეთ შემთხვეაში შესაძლოა სუნთქვის გაძნელება იყოს ერთადერთი გამაფრთხილებელი ნიშანი გულის შეტევისა. თუ თქვენ ან თქვენს თერაპევტს მიგაჩნიათ რომ ეს ასეა, დაგალევინებენ ასპირინს და მაშინვე გადაგიყვანენ საავადმყოფოში.

გულისუკმარისობა ასევე იწვევს სუნთქვის გაძნელებას. ეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ თქვენი გული ვერ ტუმბავს საკმარისი რაოდენობის სისხლს ორგანიზმისთვის, როგორც წესი იმიტომ, რომ გულის კუნთი ძალიან დასუსტდა ან გაშეშდა (გამკვრივდა). ეს იწვევს ფილტვებში წყლის ჩაგროვებას, რაც თავის მხრივ სუნთქვას აძნელებს.

ცხოვრების სტილის შეცვლა, მედიკამენტებთან ან ქირურგიულ ჩარევასთან ერთად, ეხმარება გულს სისხლის უკეთ გადატუმბვაში და აუმჯობესებს სუნთქვის პროცესს.

სუნთქვის უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს გულის რიტმის დარღვევა, როგორიცაა: წინაგულების ფიბრილაცია (არარეგულარული და სწრაფი გულისცემა) ან სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (რეგულარული და სწრაფი გულისცემა).

 

პანიკური შეტევა ან შფოთვა

პანიკურმა შეტევამ ან შფოთვამ შეიძლება გაიძულოთ ისუნთქოთ სწრაფად და ღრმად, რასაც ჰქვია ჰიპერვენტილაცია.

ნელა სუნთქვაზე კონცენტრირებამ, ან ქაღალდის პაკეტის მეშვეობით სუნთქვამ უნდა დაუბრუნოს თქვენი სუნთქვა ნორმალურ რიტმს.

 

უფრო იშვიათი გამომწვევები

მათში შედის:

  • პნევმოთორაქსი - ფილტვის ნაწილობრივი კოლაფსი, რაც ფილტვის ზედაპირზე არსებული პატარა ნაკაწრითაა გამოწვეული. ეს ჰაერს საშუალებას აძლევს შევიდეს ფილტვის გარშემო სივრცეში
  • მწვავე ალერგიული რეაქცია, ცნობილი, როგორც ანაფილაქსი
  • ფილტვს ერთ-ერთი სისხლძარღვის დაცობა (პულმონალურიემბოლია)
  • იდიოპათიურიპულმონალურიფიბროზი, იშვიათი და ცუდად შესწავლილი დაავადება, რომელიც იწვევს ფილტვების დანაწიბურებას.
  • ფილტვებს გარეთ სითხს დაგროვება (პლევრალური ეფუზია)
  • დიაბეტის გართულება, ცნობილი როგორც დიაბეტური კეტოაციდოზი, რომლის დროსაც მჟავა გროვდება სისხლსა და შარდში.

 

ქრონიკული სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი მიზეზები:

ქრონიკული სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი მიზეზებია:

  • სიმსუქნე ან ფორმაში არ ყოფნა
  • ასთმა, რომელიც სათანადოდ არ კონტროლდება.
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD)  - ფილტვების თანდათანობითი დაზიანება წლობით მწეველობის გამო.
  • ანემია რაც არის ჟანგბადის რაოდენობის მკვეთრად შემცირება სისხლში - სისხლის წითელი უჯრედების ან ჰემოგლობინის (წითელი უჯრედების შემადგენელი კომპონენტი, რომელიც ჟანგბადის მატარებელია) ნაკლებობის გამო.
  • გულის უკმარისობა რაც ნიშნავს იმას, რომ გული ვერ ტუმბავს საკმარისი რაოდენობის სისხლს, გულის კუნთის ზედმეტად დასუსტების ან გაშეშების გამო.
  • პრობლემა გულისცემის სიხშირესა ან რიტმში, როგორიცაა წინაგულოვანიფიბრილაცია (არარეგულარული და სწრაფი გულისცემა) ან სუპავენტრიულური ტაქიკარდია (რეგულარული და სწრაფი გულისცემა).

ქრონიკული სუნთქვის უკმარისობის უფრო იშვიათი გამომწვევები:

  • ფილტვების ავადმყოფობა - ბრონხიექტაზი, რომლის დროსაც ჰაერგამტარი გზები არანორმალურად არის გაფართოებული და გაქვთ მუდმივი ნახველიანი ხველა
  • ფილტვების რომელიმე სისხლძარღვის დრო გამოშვებითი დაცობა (პულმონალური ებოლია).
  • ფილტვის კიბოთი გამოწვეული ფილტვების ნაწილობრივი კოლაფსი
  • ფილტვებს გარეთ სითხის დაგროვება (პლევრალური ეფუზია)
  • გულის ძირითადი სარქვლის შევიწროება, რაც სისხლის მიწოდებას უზღუდავს ორგანიზმს
  • ხშირი პანიკური შეტევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვენტილაცია (სწრაფად და ღრმად სუნთქვა).

ბოლო განხილვის თარიღი: 29/01/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 29/01/2017