ღორის გრიპი

ღორის გრიპი არის ახალი ინფლუენზა (გრიპი), რომელმაც გამოიწვია პანდემური გრიპი 2009-2010 წლებში.

ვირუსი ოფიციალურად ცნობილია როგორც A/H1N1pdm09 ინფლუენზა ვირუსი.

 

ღორის გრიპის პანდემია

ღორის გრიპის ვირუსი პირველად გამოჩნდა 2009 წლის აპრილში, მექსიკაში და ამის გამო ის ასევე ცნობილი იყო, როგორც მექსიკური გრიპი. ეს ვირუსი ღორის გრიპის სახელით ცნობილი გახდა, რადგან ძალიან ჰგავდა ცნობილ გრიპის ვირუსს, რომელიც დაავადებას იწვევდა ღორებში.

რადგან ეს ახალი სახეობის ვირუსი იყო და ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონდა მასზე იმუნიტეტი, მისი გავრცელება ძალიან ადვილად მოხდა სხვადასხვა ქვეყნებში.

პანდემია შედარებით მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობდა და არ ყოფილა ისეთი სერიოზული, როგორი მოლოდინიც ჰქონდათ საწყის ფაზებში. თუმცა, შემთხვევების მცირე რაოდენობაში ვირუსმა გამოიწვია სერიოზული ავადმყოფობა და სიკვდილიც კი. ასეთი შემთხვევები უმეტესწილად დაფიქსირდა ძალიან მოხუცებში, ძალიან პატარა ბავშვებში, ორსულ ქალებში და უკვე არსებული დაავადებების მქონე ადამიანებში, ვისაც მაგალითად ჰქონდა კიბო და შედეგად ჰქონდათ დასუსტებული იმუნური სისტემა. 

2010 წლის 10 აგვისტოს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ღორის გრიპის პანდემია დამთავრდა.

 

ვაქცინაცია

ვირუსი ამჟამად ცირკულირებს მსოფლიოში, როგორც სამიდან ერთ-ერთი სეზონური გრიპის ვირუსი. დანარჩენი ორი ვირუსია ინფლუენზა B ვირუსი და ინფლუენზა ვირუსი A/H3N2.

H1N1pdm09 ვირუსით გამოწვეული სიმპტომები მსგავსია დანარცენი ორი ვირუსის სიმპტომებისა და მოიცავს:

  • უეცრად განვითარებულ სიცხეს - 38C და უფრო მაღალი ტემპერატურა
  • დაღლილობას
  • კუნთების ან სახსრების ტკივილს
  • თავის ტკივილს
  • სურდოს ან გაჭედილ ცხვირს.

ადამიანთა უმრავლესობა ერთი კვირის განმავლობაში გამოკეთდება, სპეციალური მკურნალობის გარეშეც კი.

თუმცა, ზოგიერთი ადამიანი გართულებების მაღალი რისკი ჯგუფში ხვდება და რეკომენდირებულია გაიკეთონ სეზონური აცრა. 2015-16 წლების სეზონური გრიპის ვაქცინაცია მოიცავს სამი ტიპის ვირუსზე დაცვას, მათ შორის H1N1pdm09-ს.

 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

თუ სხვა მხრივ ხართ ჯანმრთელი და არ გაწუხებთ რაიმე სხვა დაავადება, გრიპის სიმპტომების გამოჩენისას არ არის აუცილებელი ექიმთან მისვლა, ან მისი გამოძახება.

ექიმთან უნდა მიხვიდეთ ან გამოიძახოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ გრიპის მსგავსი სიმპტომები და ასევე ხართ სეზონური გრიპის გართულებების მაღალ რისკ ჯგუფში. ეს მოიცავს:

  • ორ წლამდე ბავშვებს
  • 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს
  • ორსულ ქალებს
  • ნებისმიერი ასაკის ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სხვა დაავადებაც, განსაკუთრებით კი ქრონიკული გულის ან სასუნთქი გზების დაავადებები
  • დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ნებისმიერი ასაკის ადამიანებს.

 

ღორის გრიპის მკურნალობა

ისევე როგორც ჩვეულებრივი გრიპისას, ადამიანებს რომელთაც აქვთ ღორის გრიპი, უნდა დარჩნენ სახლში და დაისვენონ, ასევე უზრუნველყონ, რომ იყონ თბილად და დალიონ დიდი რაოდენობით სითხეები, დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.

სიცხის დასაწევად და ტკივილების შესამსუბუქებლად შესაძლებელია პარაცეტამოლის, ან იბუპროფენის მიღება.

თუ საჭირო გახდა დამატებითი მკურნალობა, ან თუ განვითარდა გართულებები, არსებობს H1N1pdm09-ით გამოწვეული გრიპის ვირუსის სამკურნალო წამალი. ესენია:

  • ანტივირუსული წამლები - ოსელტამივირი (oseltamivir, იგივე Tamiflu) და ზანამივირი (Zanamivir, იგივე Relenza), რომლებიც ამცირებენ სერიოზული გართულებების განვითარების რისკებს და ასევე ამსუბუქებენ სიმპტომებს
  • ანტიბიოტიკები - ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიცაა პნევმონია, რომელიც შეიძლება იყოს ინფლუენზას გართულების შედეგი.

იხილეთ დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და მზრუნველობის ეროვნული ინსტიტუტის რეკომენდაციები, გრიპის სამკურნალოდ ანტივირუსული წამლების გამოყენებისთვის (სტატია ინგლისურ ენაზეა) National Institute for Health and Care Excellence (NICE) guidelines on antivirals for the treatment of flu

 

ღორის გრიპის გავრცელების პრევენცია

H1N1pdm09 ვირუსი ვრცელდება ზუსტად ისევე, როგორც გაციებისა და გრიპის სხვა ვირუსები.

ვირუსს შეიცავს დაცემინებისას და დახველებისას პირიდან და ცხვირიდან გამოტყორცნილი მილიონობით მცირე ზომის წვეთები. ეს წვეთები დაცემინებისას და დახველებისას ჩვეულებრივ ვრცელდება დაახლოებით 1 მეტრის სიშორეზე და სანამ რაიმე ზედაპირზე დაილექება გარკვეული დროის განმავლობაში ჩერდება ჰაერში. ზედაპირებზე ვირუსი ცოცხლობს თითქმის 24 საათამდე. რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეხება ვირუსებით დაბინძურებულ ნებისმიერ ზედაპირს (იქნება ეს კარის სახელური, მაგიდის ზედაპირი, ტელევიზორის პულტი, თუ სხვა ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთი) და შემდეგ შეეხება ნებისმიერ სხვა ნივთს მასაც აბინძურებს ვირუსით. ვირუსი ასევე ვრცელდება, როდესაც დაინფიცირებული ადამიანი ხელს იფარებს დაცემინებისას ან დახველებისას და შემდეგ ამ ხელით ეხება ნებისმიერ საგანს, ან სხვა ადამიანს ართმევს ხელს.

შესაბამისად, ვირუსით შეიძლება დაბინძურებული იყოს ყოველდღიური მოხმარების ნებისმიერი ნივთი, ან ზედაპირი. მათ შორის, საკვები, კარის სახელურები, ტელევიზორის, ან სხვა მოწყობილობის დისტანციური პულტები, მოაჯირები, ფული და კომპიუტერის კლავიატურაც.

ადამიანები, როგორც წესი ინფიცირდებიან დაბინძურებულ ნივთზე შეხების შემდეგ, უკვე დაბინძურებული ხელის სხვირთან ან პირთან ახლოს მიტანით. დაინფიცირება ასევე შესაძლებელია ჰაერში არსებული ვირუსების შემცველი წვეთების შესუნთქვით.

ამიტომ გრიპის ვირუსის პრევენციისთვის, ყველაზე ეფექტური საშუალება კარგი ჰიგიენის ნორმების დაცვაა, მათ შორის ხელების ხშირად დაბანვა.

რისკ ჯგუფში არსებული ხალხისთვის ასევე არსებობს ანტივირუსული წამლები და გრიპის სეზონური ვაქცინაციებიც.

ბოლო განხილვის თარიღი: 14/10/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 14/10/2016