ფრინველის გრიპი

ფრინველის გრიპი, ან იგივე ჩიტის გრიპი ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც გავრცელებულია ფრინველთა შორის. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, იგი ადამიანზეც ახდენს გავლენას.

ფრინველის გრიპის მრავალი ტიპი არსებობს, რომელიც ზემოქმედებს ადამიანთა უმრავლესობაზე. უკანასკნელ წლებში ორი სახის გრიპმა გამოიწვია დიდი შეშფოთება:

  • H5N1 (1997 წლიდან) და
  • H7N9 (2013 წლიდან).
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ადვილად არ აინფიცირებს ადამიანებს და როგორც წესი, არ არის გადამდები ადამიანიდან ადამიანზე, მსოფლიოში რამდენიმე უკვე დაავადდა და ზოგიერში სასიკვდილო შედეგიც მოჰყვა.

სხვა ფრინველის გრიპის ვირუსებმაც, კერძოდ, H7N7 და H9N2 და უახლეს პერიოდში გამოჩენილმა H6N1, H10N8 და H5N6-მაც ასევე მოახდინეს ადამიანთა ინფიცირება, მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევები იყო და ძალიან იშვიათად იწვევდნენ მძიმე ავადმყოფობას.

ფრინველის გრიპი გავლენას ახდენს მათ მრავალ სახეობაზე, მათ შორის, ქათამზე, იხვზე, ინდაურებსა და ბატებზე. იგი შეიძლება ვრცელდებოდეს კომერციულ, ველურ და შინაურ ფრინველთა შორის. ისინი ყოველთვის არ ავადდებიან ინფექციით, ასე რომ, როგორც ჩანს, ჯანმრთელი ფრინველი შეიძლება კვლავ საფრთხეს უქმნიდეს ადამიანებს, ვისთანაც კონტაქტში არიან.

 

ნიშნები და სიმპტომები

სხვა სახის გრიპების მსგავსად, ფრინველის გრიპის სიმპტომებსაც ხშირად ახასიათებს:

  • მაღალი ტემპერატურა (სიცხე);
  • კუნთებისა და თავის ტკივილი
  • რესპირატორული ნიშნები, როგორიცაა ხველა ან ცხვირიდან დენა.

დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში, სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან, ასევე ცნობილია, როგორც ავადმყოფობის ადრეული ნიშნები.

ეს სიმპტომები შეიძლება სწრაფად განვითარდეს. ინკუბაციის პერიოდი (დაინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე დრო) ჩვეულებრივ სამიდან ხუთ დღემდეა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს შვიდ დღემდეც.

სიმპტომების გამოჩენიდან რამდენიმე დღეში, შეიძლება განვითარდეს პოტენციურად სასიკვდილო გართულებები, როგორიცაა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და პოლიორგანული უკმარისობა, ან პნევმონია. ანტივირუსული წამლებით დაუყოვნებლივი მკურნალობა შეიძლება დაგვეხმაროს გართულებების თავიდან აცილებაში და სიკვდილის რისკის შემცირებაში.

 

მკურნალობა

ადამიანები, რომლებზეც ეჭვობენ ფრინველის გრიპით ავადობას, უნდა დარჩნენ სახლში ან იზოლირებულად უნდა მოთავსდნენ საავადმყოფოში, სხვა პაციენტებისგან მოშორებით.

მთავარი რეკომენდაციებია:

  • დასვენება;
  • დიდი ოდენობით სითხის მიღება და ჯანსაღი კვება;
  • მედიკამენტები, ცხელებისა და ტკივილის სამკურნალოდ, როგორიცაა ასპირინი და პარაცეტამოლი (ასპირინის მიღება არ შეიძლება 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის).

 

ანტივირუსული მედიკამენტები

დიდ ბრიტანეთში შეიქმნა გარკვეულ ანტივირუსულ პრეპარატთა რეზერვები გრიპის ვირუსის აფეთქების დროს გამოსაყენებლად. აღნიშნული მედიკამენტები აფერხებენ ვირუსების გამრავლებას ორგანიზმში.

Oseltamivir (ტამიფლუ), Zanamivir (Relenza) და Peramivir (Actrapid) ეხმარება მდგომარეობის სიმწვავის შემცირებაში, გართულებების პრევენციაში და ზრდის გადარჩენის შანსებს.

ჩვეულებრივი გრიპის დროს, ეს წამლები ყველაზე ეფექტურია სიმპტომების გამოჩენიდან 48 საათის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, მაგრამ გაურკვეველია, ასევე მოქმედებენ ფრინველის გრიპის შემთხვევაშიც თუ არა. მიუხედავად ამისა, ადამიანებს, რომლებზეც არსებობს ინფიცირების რისკი, რაც შეიძლება მალე უნდა მიეცეთ წამლები, სიმპტომების აღმოცენებიდან 48 საათზე მეტის გასვლის შემთხვევაშიც კი.

ეს მედიკამენტები შეიძლება გამოიყენონ პრევენციული ღონისძიების სახითაც იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შეიძლება დაუცველები აღმოჩნდნენ ფრინველის გრიპის ვირუსების მიმართ, მაგალითად დაავადებული ადამიანის ოჯახის წევრები, ჯანდაცვის მუშაკები ან ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტი ინფიცირებულ ფრინველებთან.

ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წამლების გამოყენება ვირუსის ზემოქმდებიდან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ და გაგრძელდეს 7-10 დღის მანძილზე.

 

გართულებების მკურნალობა

გართულებები, როგორიცაა ბაქტერიული პნევმონია, შეიძლება განუვითარდეს ზოგიერთ ადამიანს და მისი მკურნაობა შესაძლებელია ჩვეულებრივი ანტიბიოტიკებით.

ადამიანები, რომლებიც მწვავე მდგომარეობაში არიან, შეიძლება დამატებით ჟანგბადი მიეცეთ, რათა დაეხმაროთ სუნთქვაში - მაგალითად, ვენტილატორის მეშვეობით (ხელსაწყო, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის ვენტილაციას).

 

როდის მივმართოთ ექიმს რჩევისთვის

დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ პირად ექიმს, თუ განიცდით ამ დაავადების სიმპტომებს და თუ ბოლო ორი კვირის მანძილზე იყავით ფრინველის გრიპის გავრცელების ტერიტორიაზე.

ფრინველის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, სხვა გრიპების ნიშანთა მსგავსია. თუმცა, ნებისმიერი სახის სიმპტომთა ქონის დროს არ შეიძლება იფიქროთ ფრინველის გრიპზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ გქონდათ კონტაქტი ფრინველებთან იმ ტერიტორიაზე, სადაც ეპიდემია იყო.

ფრინველის გრიპი დიაგნოზირდება სიმპტომების და ინფიცირების ალბათობის მიხედვით, მაგალითად თუ გქონდათ შეხება დაინფიცირებულ ფრინველთან.

ამიტომ ექიმი გკითხავთ, თუ:

  • იმოგზაურეთ ახლო წარსულში ისეთ ადგილებში სადაც გავრცელებულია ფრინველის გრიპი და თუ იყავით ახლოს (ერთი მეტრის დაშორებით) ცოცხალ ან მკვდარ ფრინველთან
  • გქონდათ ახლო კონტაქტი (შეხების ან საუბრის დაშორებაზე) ადამიანთან ვისაც ჰქონდა მძიმე რესპირატორული დაავადება
  • გქონდათ კონტაქტი ვინმესთან, ვინც უეცრად გარდაიცვალა და ვინც იყო ეპიდემიური ადგილიდან წამოსული.
  • თუ ეჭვს აიღებენ ფრინველის გრიპის არსებობაზე, მის დასადასტურებლად დაინიშნება შემდეგი გამოკვლევები:
  • გულმკერდის რენტგენი
  • ვირუსის განსაზღვრა, ცხვირიდან ან ყელიდან აღებული ნაცხის საშუალებით
  • სისხლის ანალიზები.

თუ ლაბორატორიული და გულმკერდის რენტგენის შედეგები ნორმალურია, დიდი ალბათობით ეს არ იქნება ფრინველის გრიპის შემთხვევა.

 

როგორ ვრცელდება ფრინველის გრიპი ადამიანებში

ფრინველის გრიპი ინფიცირებულ ფრინველთან (მკვდარი ან ცოცხალი) პირდაპირი კონტაქტით, ფრინველის განავალით, ან მათი თვალებიდან და სასუნთქი გზებიდან გამოყოფილი გამონადენით ვრცელდება.

ადამიანებში ვირუსი ინფიცირებულ ფრინველთან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად გადადის. მაგალითად:

· ინფიცირებულ ფრინველთან (მკვდარი ან ცოცხალი) შეხებით;

· დაინფიცირებული ფრინველის გამომშრალი განავლის ან ბუდის მტვრის შესუნთქვით ან ახლო კონტაქტით;

· ინფიცირებული ფრინველის მიერ დაცემინების შედეგად გამოყოფილი წვეთების შესუნთქვით ან ახლო კონტაქტით;

· ინფიცირებული ფრინველის გარჩევით, დაკვლით ან საჭმლისთვის მზადებით.

დაინფიცირების კიდევ ერთი შესაძლო წყარო შეიძება იყოს ცოცხალი ბაზრები, სადაც ცოცხალი ფრინველები ხშირად იყიდება დიდი რაოდენობით და ხშირად არა-სანიტარიული მდგომარეობებია. ამიტომ მოერიდეთ ცოცხალ ბაზრებში სიარულს, თუ მოგზაურობთ ისეთ ადგილებში სადაც გავრცელებულია ეს დაავადება.

ფრინველის გრიპი არ გადადის თერმულად მომზადებული (შემწვარი, მოხარშული) საკვებით. ამიტომ შინაური ფრინველისა და კვერცხის ჭამა უსაფრთხოა იმ ტერიტორიაზე, სადაც გავრცელებული იყო გრიპის ეპიდემია.

 

ფრინველის გრიპის პრევენცია

მიუხედავად იმისა, რომ რთულია ფრინველის გრიპის გავრცელების პრევენცია ფრინველებს შორის, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ რისკის შესამცირებლად ეპიდემიურ კერაში ყოფნის დროს, როგორიცაა:

· მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს და მეფრინველეობის ფერმაში მისვლას;

· არ შეეხოთ ისეთ ზედაპირს, რომელიც ფრინველის სკორეთია დაბინძურებული;

· არ აიყვანოთ და არ შეეხოთ ფრინველებს (მკვდარი ან ცოცხალი);

· არ მიირთვათ მოუხარშავი ან კარგად შეუმწვარი შინაური ფრინველის ხორცი, კვერცხი ან იხვი, მათგან მომზადებული კერძები;

· არ ჩამოიტანოთ ნებისმიერი სახის ცოცხალი ფრინველის პროდუქტები საქართველოსი, მათ შორის ფრთები;

· ყოველთვის დაიცავით კარგი პირადი ჰიგიენა, როგორიცაა ხელების რეგულარულად დაბანა.

არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ისეთ ტურისტულ ქვეყნებში ჩასვლის, სადაც იყო ფრონველის გრიპი ან ახლაა გავრცელებული.

 

შემთხვევები ადამიანებში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით დადასტურდა, რომ 2015 წლის მაისში, 840 ადამიანი იყო ინფიცირებული H5N1 ვირუსით და მათგან 447 გარდაიცვალა. ეს შემთხვევები დაფიქსირდა აზერბაიჯანში, ბანგლადეშში, კამბოჯაში, ჩინეთში, ჯიბუტში, ეგვიპტეში, ინდონეზიაში, ერაყში, ლაოსში, მიანმაში, ნიგერიაში, პაკისტანში, ტაილანდში, თურქეთსა და ვიეტნამში. შემთხვევათა და ფატალურ შედეგთა ურავლესობა ინდონეზიაში, ეგვიპტესა და ვიეტნამში დადგინდა.

2013 წლის მარტიდან, მოწოდებულია ანგარიშები სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთიდან, H7N9 ვირუსით ინფიცირებულთა შესახებ. 2015 წლის მაისის მდგომარეობით, დადასტურებულია 665 შემთხვევა, რასაც 229 ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

უმეტეს შემთხვევაში, შუახნისა და ხანდაზმული ადამიანები ავადდებიან. გარდა მცირე რაოდენობით შემთხვევებისა, რომლებიც დადასტურდა მოგზაურებში, რომლებმაც იმოგზაურეს ტაივანში, ჰონგ-კონგში, მალაიზიაში და კანადაში.

ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის რისკი საკმაოდ მცირეა და როგორც წესი, ოჯახის წევრებში ახლო კონტაქტის გამო ხდება.

გრიპის ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებს ჰქონდათ მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი ინფიცირებულ ფრინველებთან. მილიონობით ფრინველი დახოცეს ეპიდემიის დროს, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების და დაავადების ადამიანზე გადაცემისგან პრევენციის მიზნით.

ბოლო განხილვის თარიღი: 28/05/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 28/05/2017