ალერგია: საკვებით გამოწვეული

ორგანიზმის იმუნური სისტემა გარკვეულ საკვებზე უჩვეულოდ რეაგირებს ანუ ვითარდება ალერგია.

ალერგიული რეაქციები, როგორც წესი, მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება ძალზე საშიშიც იყოს.

ბავშვებში ყველაზე ხშირად ალერგია რძისა და კვერცხის მიმართ გვხვდება, ზრდასრულებში კი - ხილისა და ბოსტნეულის მიმართ.

ალერგია თხილსა და კაკალზე ვლინდება თანაბრად სკოლის მოსწავლეებსა და ზრდასრულ პირებში.

საკვებზე ალერგიის სიმპტომები შეიძლება სხეულის რამდენიმე ადგილას ერთდროულად გამოვლინდეს. ზოგიერთი გავრცელებული სიმპტომია:

  • პირის ღრუში, ყელსა და ყურებში ქავილის შეგრძნება
  • წითელი გამონაყარი, რომელიც იწვევს ძლიერ ქავილს (ურტიკარია (urticaria) ან ე.წ. ჭინჭრის ციება)
  • შეშუპება სახეზე: თვალების და ტუჩების ირგვლივ, ენასა და სასაზე (ანგიოედემა (angioedema))
  • ღებინება.

 

ანაფილაქსია

ყველაზე მძიმე შემთხვევებში, ადამიანს უვითარდება ძლიერი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია), რომელიც შეიძლება სიცოცხლესთან შეუთავსებელიც აღმოჩნდეს.

თუ ვარაუდობთ, რომ ვინმეს აქვს ანაფილაქსიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორებიცაა სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვის და გულის წასვლის შეგრძნება, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება  და აცნობეთ ოპერატორს, რომ ადამიანს აქვს ანაფილაქსია ან „ანაფილაქსიური შოკი“.

 

რა იწვევს საკვების მიმართ ალერგიას?

საკვებზე ალერგია ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა (ორგანიზმის დაცვა ინფექციების წინააღმდეგ) საჭმელში შემავალ ცილებს შეცდომით აღიქვამს საფრთხედ.

ამის შედეგად გამოიყოფა მრავალი ქიმიური ნივთიერება, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციას.

ალერგიის ინიცირება თითქმის ყველა სახის საკვებს შეუძლია, მაგრამ არსებობს საჭმლები, რომლებიც ალერგიათა უმეტეს შემთხვევაში არიან პასუხისმგებელნი.

ბავშვებში ყველაზე ხშირად ალერგიას იწვევს შემდეგი პროდუქტები:

  • რძე
  • კვერცხი
  • მიწის თხილი
  • ხის თხილი
  • თევზი
  • მოლუსკები.

უმეტესად ბავშვებს, რომლებიც არიან ალერგიულები საკვების მიმართ, ჩვილობის პერიოდში განუცდიათ ეგზემა. რაც უფრო რთული და ადრეული იყო ეგზემა, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ ბავშვში განვითარდეს საკვების მიმართ ალერგიულობა.

ზრდასრულ პირებში ალერგიის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული საკვებია:

  • მიწის თხილი
  • ხის თხილი - კაკალი, ბრაზილიური თხილი, ნუში და ფისტაშკები
  • თევზი
  • ზღვის პროდუქტები - კრაბი, ლობსტერი და კრევეტები.

საკვებზე ალერგიის განვითარების მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული. ხალხში ასევე ფართოდაა გავრცელებული ისეთი ალერგიული მდგომარეობები, როგორებიცაა ასთმა, ეგზემა და თივისმიერი ცხელება.

 

საკვებზე ალერგიის ტიპები

ალერგია საკვების მიმართ დაყოფილია სამ ტიპად, მათი გამოვლენის სიმპტომებსა და ხანგრძლივობაზე დაყრდნობით.

  • იმუნოგლობულინ E (IgE)-ს მიერ გამოწვეული საკვების მიმართ ალერგია - ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომლის ტრიგერი იმუნური სისტემის მიერ IgE -ს გამომუშავებაა. სიმპტომები ჭამიდან რამდენიმე წამის ან წუთის შემდეგ ვლინდება. ამ ტიპის რეაქციის შემდეგ არსებობს ანაფილაქსიის განვითარების ყველაზე დიდი რისკი.
  • ალერგია IgE-ს მონაწილეობის გარეშე - ეს რეაქცია არ არის გამოწვეული იმუნოგლობულინ E-თი. მას განაპირობებს იმუნური სისტემის სხვა უჯრედები. ალერგიის ეს ტიპი, უმეტესად, რთულად დიაგნოზირდება, რადგან სიმპტომები უფრო გვიან (რამდენიმე საათში) ვლინდება.
  • შერეული ტიპის ალერგია საკვების მიმართ - ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ორივე ტიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

 

ორალური ალერგიის სინდრომი

ზოგიერთ ადამიანს ახალი ხილის ან ბოსტნეულის მიღებისთანავე ეწყება ქავილი პირის ღრუსა და ყელში. ამას ორალური ალერგიის სინდრომი ეწოდება და არ არის ნამდვილი საკვების ალერგია. ეს რეაქცია გამოწვეულია ალერგიის ანტისხეულების მიერ ცოცხალ ხილში, თხილეულობაში ან ბოსტნეულში შემავალი კონკრეტული ცილების შეცდომით მტვრად აღქმით.

ორალური ალერგიის სინდრომი, ზოგადად, არ განაპირობებს მძიმე სიმპტომებს და შესაძლებელია ალერგენების დათრგუნვა ხილის და ბოსტნეულის სრულყოფილი მომზადებით.

ორალური ალერგიის სინდრომის  შესახებ მეტ ინფორმაციას იხილავთ გაერთიანებული სამეფოს სპეციალურ საიტზე oral allergy syndrome.

 

მკურნალობა

საკვებზე ალერგიის სამკურნალო საშუალება არ არსებობს. ზემგრძნობელობის პრევენციისთვის საუკეთესო გზა იმ საკვებზე უარის თქმაა, რომლის მიმართაც ხართ ალერგიული.

წაიკითხეთ სრულად ალერგენების ამოცნობის შესახებ (identifying foods that cause allergies).

თქვენ ან ბავშვის საკვებ რაციონში რადიკალური ცვლილებების შეტანამდე, რძის პროდუქტების ამოღებამდე, გაესაუბრეთ ოჯახის ექიმს და დიეტოლოგს.

ზომიერი ალერგიული რეაქციის სიმპტომების შესამსუბუქებლად არსებობს ანტიჰისტამინური (antihistamine) ჯგუფის მედიკამენტები. სიმპტომების გასაკონტროლებლად, ხშირად, მათი მაღალი დოზით მიღებაა საჭირო.

ანაფილაქსიის სამკურნალო ეფექტური საშუალებაა ასევე ადრენალინი.

ალერგიულ ადამიანებს ეძლევათ კალმის მსგავსი ხელსაწყო, რომელიც შეიცავს ადრენალინის დოზას და გამოიყენება გადაუდებელ სიტუაციებში.

 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენ შვილს საკვებზე გაქვთ ალერგია, სასურველია, ოჯახის ექიმის კონსულტაცია. მან შეიძლება შემდეგ გადაგამისამართოთ ალერგოლოგიის განყოფილებაში. ბევრი მშობელი შეცდომით თვლის, რომ ბავშვს აქვს ალერგია საკვებისადმი. სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობით.

ალერგიულობის შესამოწმებლად არსებობს სატესტო ნაკრებები, თუმცა მათი გამოყენება არაა რეკომენდირებული. ისინი დაფუძნებულია გაურკვეველ პრინციპებზე და მათი შედეგის გადამოწმება მაინც აუცილებელი იქნება პროფესიონალთან.

 

ვის უვითარდება ალერგია საკვების მიმართ?

საკვების მიმართ ალერგია, უმეტესად, სამ წლამდე ასაკის ბავშვებს უვითარდებათ. დადგენილია, ამ ასაკის ყოველი 14 ბავშვიდან, დაახლოებით, ერთს აღენიშნება მინიმუმ ერთი სახის საკვების მიმართ ალერგია.

ბავშვთა უმეტესობას, რომლებსაც აქვთ ალერგია რძის, კვერცხის, სოიოს და ბურღულეულის მიმართ, სკოლის პერიოდის დადგომასთან ერთად უქრებათ ზემგრძნობელობა.

მიწისა და ხის თხილის მიმართ ალერგიულობა, როგორც წესი, უფრო მდგრადია. ხუთიდან, დაახლოებით, ოთხი ბავშვი თხილის მიმართ ალერგიული რჩება ცხოვრების ბოლომდე.

ზრდასრულ ასაკში გამოყოლილი ან შეძენილი ალერგიულობა გრძელდება მთელი სიცოცხლე.

გაურკვეველი მიზეზების გამო საკვების მიმართ ალერგიულობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა ბოლო 20 წლის მანძილზე.

თუმცა, ანაფილაქსიასთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევები ახლა ძალზე იშვიათია. ინგლისსა და უელსში ყოველწლიურად, დაახლოებით, 10 ადამიანი კვდება საკვების მიმართ ალერგიის გამო.

 

რაარის საკვების მიმართ აუტანლობა?

საკვების მიმართ აუტანლობა (ინტოლერანტობა) განსხვავდება ალერგიისგან.

ინტოლერანტობის დროს ადამიანებს უვითარდებათ სიმპტომები, როგორებიცაა დიარეა, ყურყური და სპაზმები მუცელში. ეს შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ნივთიერების, როგორიცაა ლაქტოზა, მონელების პრობლემებმა. თუმცა, ამ დროს არ აღინიშნება არანაირი ალერგიული რეაქცია.

მნიშვნელოვანი სხვაობები საკვების მიმართ ალერგიასა და ინტოლერანტობას შორის:

  • ინტოლერანტობის სიმპტომები, ძირითადად, საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში ვლინდება
  • ინტოლერანტობის მისაღებად იმ გარკვეული საკვების უფრო დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო
  • ინტოლერანტობა საკვების მიმართ, ალერგიისგან განსხვავებით, არასდროს არის სიცოცხლისთვის საშიში.

წაიკითხეთ სრულად სხვაობაზე საკვების მიმართ ალერგიასა და ინტოლერანტობას შორის (differences between food allergy and food intolerance).

ბოლო განხილვის თარიღი: 16/05/2016 შემდეგი განხილვის თარიღი: 16/05/2018