აკნე ინვერსა (ჩირქიანი ჰიდრადენიტი)

ჩირქიანი ჰიდრადენიტი (იგივე აკნე ინვერსა) კანის ხანგრძლივი და მტკივნეული დაავადებაა, რომელიც კანზე ჩირქგროვების (აბსცესების) და ნაწიბურების წარმოქმნას იწვევს, უმეტესწილად საზარდულის, დუნდულების, მკერდის და იღლიის არეებში.

ზუსტად არ იციან თუ რა იწვევს ჩირქიან ჰიდრადენიტს, თუმცა დაავადება დაკავშირებულია საოფლე ჯირკვლების ანთებასა და თმის ფოლიკულების დახშობასთან.

 

სიმპტომები

ჩირქიანი ჰიდრადენიტის სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი ისევე მძიმეც.

ის იწვევს წითელ, ამოზნექილ, დამდუღვრულის მსგავს წამონაზარდებს, ფერიმჭამელებს, კისტებს, ნაწიბურებს და ჩირქოვანი გამონადენების მიქსტურას. ამ ყველაფრის პოვნა საზარდულზე და იღლიაში შეიძლება, ზოგჯერ კი ძუძუების ქვევით. ეს მდგომარეობა ზოგჯერ აკნეში (acne), ფოლიკულიტში (თმის ფოლიკულას ანთება) ან სქესობრივად გადამდებ დაავადება - ჰერპესში ეშლებათ.

ზოგიერთი ჩანართი შეიძლება ბაქტერიით დაინფიცირდეს და გამოიწვიოს მეორადი ინფექცია, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობას საჭიროებს. ჩირქიანი ჰიდრადენიტი ძალიან მტკივნეულია.

დაავადება ლობიოს ზომის პათოლოგიური ცვლილებით იწყება, რომელიც მხოლოდ ერთ ადგილას ვითარდება. ეს გამონაზარდი რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში ან თავისით გაივლის, ან სკდება და ჩირქი გადმოდინდება.

ხშირად ახლომდებარე ადგილებში მალევე ვითარდება ახალი გამონაზარდები და თუ არ მოხდა მათი დროული კონტროლი წამლებით, შეიძლება მოხდეს უფრო დიდი გამონაზარდების ფორმირება და გავრცელება სხვა ადგილებშიც. მკურნალობის გარეშე, კანის ქვეშ, ასევე ფორმირდება ვიწრო არხები, რომლებიც საბოლოოდ ხეთქავს კანს და ნახეთქიდან იწყება ჩირქის დენა. ამ არხებს სინუსურ ტრაქტებს უწოდებენ.

ჩირქიანი ჰიდრადენიტი მუდმივი დაავადებაა და საჭიროებს მუდმივ მკურანლობას მთელი ცხოვრების განმავლობაში (ქვევით ნახეთ პროგნოზის სექცია).

 

დაავადების სტადიები

ჩირქიან ჰიდრადენიტს სამი გამორჩეული სტადია აქვს:

  • I სტადია - ერთი ან რამდენიმე იზოლირებული აბსცესი (ჩირქგროვა), ნაწიბურების და სინუსური ტრაქტების გარეშე
  • II სტადია - განმეორებით აბსცესები ერთზე მეტ ადგილას და სინუსური ტრაქტების ჩამოყალიბების დასაწყისი
  • III სტადია - ფართოდ გავრცელებული აბსცესები, ბევრი ერთმანეთთან დაკავშრებული ტრაქტებით. შესაძლოა დიდი ნაწიბურების წარმოქმნა და მუდმივი ჩირქოვანი გამონადენი.

 

ძირითადად დაზიანებადი ადგილები

ჩირქიანი ჰიდრადენიტი ყველაზე ხშირად შემდეგ ადგილებს აზიანებს:

  • საზარდული და გენიტალიები
  • იღლიები
  • ანუსი
  • დუნდულები და შიდა ბარძაყები
  • მკერდის ქვედა ნაწილები.

აბსცესები შესაძლოა კისერზე, მხრებზე და ბარძაყებზეც გავრცელდეს. სხვა შესაძლო ადგილებია ფეხების წინა და უკანა ნაწილები, გვერდები, ზურგი და სახეც კი.

ჩირქიანი ჰიდრადენიტით დაავადებულ ბევრ ადამიანს პილონოდალური სინუსი (pilonodal sinus) უვითარდება, ეს პატარა ხვრელი ან არხია დუნდულების გამყოფ ადგილას.

 

გამომწვევი მიზეზები

ჩირქიანი ჰიდრადენიტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ მოიაზრება, რომ წარმონაქმნები და ლაქები გამოწვულია დაბლოკილი საოფლე ჯირკვლების და თმის ფოლიკულების შედეგად. თუმცა, დაავადება არ არის ინფექციური და არ არის დაკავშირებული ცუდ ჰიგიენასთან.

არსებობს მოსაზრება, რომ ეს მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს იმუნური სისტემის პრობლემით. ბრიტანეთის დერმატოლოგების ასოციაციის მიხევით, ჩირქიანი ჰიდრადენიტი დაკავშირებულია კრონის დაავადებასთან (Crohn's disease). ამ დაავადების მქონე ბევრ ადამიანს სხვა აუტოიმუნური დაავადებაც (დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა საკუთარ უჯრედებს ებრძვის) სჭირს.

 

ვის ემართება?

ჩირქიანი ჰიდრადენიტი უმეტესწილად გარდატეხის (სქესობრივად მომწოფების) ასაკში ემართებათ, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს.

ეს მდგომარეობა უფრო იშვიათია გარდატეხის ასაკამდე და მენოპაუზის შემდეგ, ამის გამო ზოგიერთ ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ დაავადებაზე სასქესო ჰორმონებს აქვთ გარკვეული გავლენა.

ამ დაავადების შემთხვევების ერთი მესამედი ვლინდება ოჯახურ ისტორიაში.

ჩირქიანი ჰიდრადენიტი, გაურკვეველი მიზეზების გამო, ქალებში უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში.

ამ მდგომარეობით დაავადებული ბევრი ადამიანი:

  • არის მწეველი
  • აქვს ჭარბი წონა
  • აქვს ჰირსუტიზმი (hirsutism)(ჭარბი თმიანობა) და/ან აკნე (acne); ეს ორივე დაკავშირებულია სასქესო ჰორმონებთან.

მწეველებს და ჭარბი წონის მქონე ადამიანებს უფრო მძიმე სიმპტომები აქვთ.

 

მკურნალობა

ჩირქიანი ჰიდრადენიტის სამკურნალო საშუალება არ არსებობს და მისი კონტროლიც კი შეიძლება ძნელი იყოს. მკურნალობის მიზანია დაავადება ადრეულ სტადიაში დავაფიქსიროთ და მისი დამძიმებისგან თავი ავიცილოთ. ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

ადრეულ სტადიაში ჩირქიანი ჰიდრადენიტის კონტროლი მედიკამენტებით შესაძლებელია, ხანგძლივი და მძიმე შემთხვევების დროს კი, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაცია. მკურნალობის მეთოდები ქვევით ჩამოთვლილია.

 

ანტიბიოტიკები

თუ გამონაზარდები განსაკუთრებით მტკივნეული, წითელი და ჩირქოვანია, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანტიბიოტიკების ორ კვირიანი კურსი, რადგან შესაძლოა ეს მეორადი ინფექციით იყოს გამოწვეული.

თუ არ არის ეჭვი ბაქტერიულ ინფექციაზე, ანტიბიოტიკებს ნიშნავენ სუპრესიული მკურნალობისთვის. ეს ძირითადად მოიცავს ანტიბიოტიკების დანიშვნას სამ თვემდე ხანგძლივობით, მდგომარეობის რემისიაში გადასაყვანად (უსიმპტომო პერიოდის მისაღწევად).

ასეთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ზედაპირული ანტიბიოტიკების კრემები, როგორიცაა კლინდამიცინი (clindamycin) 1%, დღეში ორჯერ გამოსაყენებლად. ორალური ანტიბიოტიკები მოიცავს ერითრომიცინს, ტეტრაციკლინს, ლიმეციკლინს, დოქსიციკლინს ან კლინდამიცინს და სხვა მრავალ ვარიანტს.

 

ანტისეპტიკები

ანტისეპტიკური ხსნარები, როგორიცაა 4%-იანი ქლორჰექსიდინის საბანი ხშირად ინიშნება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

ანტისეპტიკები ძირითადად დაიტანება სხეულზე, თავის და კისრის ადგილების გარდა, შემდეგ კი რამდენიმე წუთში უნდა ჩამოიბანოს.

 

რეტინოიდები

რეტინოიდები A-ვიტამინის შემცველი მედიკამენტებია, როგორიცაა მაგალითად იზოტრეტინოინი. ისინი ჩირქიანი ჰიდრადენიტის მკურნალობისთვის ისეთი ეფექტური არ არის, როგორც აკნეს დროს, თუმცა 6-12 თვიანი კურსი ლაქებისა და გამონაზარდების სამკრუნალოდ გამოიყენება.

იზოტრეტინოინი ფრთხილად უნდა მოიხმაროთ. მისი მიღება ორსულობისას არ შეიძლება და შესაძლოა გვერდითი ეფექტების განვითარებაც, როგორებიცაა: ტუჩების, კანის და თვალების სიმშრალე.

 

კონტრაცეფციის აბები

ქალებისთვის, რომლებშიც ჩირქიანი ჰიდრადენიტი მენსტრუაციამდე მძაფრდება, კონტრაცეფციის აბების (contraceptive pill) 12 თვით ან უფრო ხანგრძლივად მიღება შესაძლოა სასარგებლო იყოს.

ეს აბები ხელოვნურ ესტროგენს შეიცავენ, რომელიც ხელს უშლის ოფლის გამოყოფას და შესაბამისად გამონაზარდების წარმოქმნასაც.

 

იმუნოსუპრესანტული წამლები

ჩირქიანი ჰიდრადენიტის მძიმე შემთხვევებში, შესაძლებელია საჭირო გახდეს იმუნოსუპრესანტული წამლები, რომ დაითრგუნოს იმუნური სისტემა. ასეთი წამლებია კორტიკოსტეროიდები, ციკლოსპორინი და ბიოლოგიური წამლები.

 

კორტიკოსტეროიდები

ანთებული კანის სიმძიმმის შესამსუბუქებლად, შესაძლოა დაინიშნოს სტეროიდული მედიკამენტები (კორტიკოსტეროიდები), მაგალითად პრედნიზოლონი. კორტიკოსტეროიდები შესაძლოა ტაბლეტების ან ინექციის სახით დაინიშნოს. ინექცია პირდაპირ დაზიანებულ არეში ხდება.

კორტიკოსტეროიდების შესაძლო გვერდითი ეფექტებია სითხის შეკავება, წონაში მატება, ყაბზობა და ხასიათის ცვლილება. წაიკითხეთ მეტი კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების შესახებ.

 

ციკლსპორინი

ციკლოსპორინი იმუნური სისტემის დამთრგუნველი ძლიერი მედიკამენტია. ჩირქიანი ჰიდრადენიტის მქონე ზოგიერთ პაციენტს, ამ წამლების საშუალებით, სიმპტომები შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში შეუმსუბუქდეს. თუმცა, მკრუნალობამ შეიძლება გამოიწვიოს: პირღებინება, დიარეა, სისხლის მაღალი წნევა, თირკმლის და ღვიძლის პრობლემები.

 

ინფლიქსიმაბი და ადალიმუმაბი

ბიოლოგიური მედიკამენტები, როგორიცაა ინფლიქსიმაბი ან ადალიმუმაბი იმუნურ სისტემას თრგუნავენ და შეიძლება დაინიშნოს ჩირქიანი ჰიდრადენიტის მძიმეშემთხვევების სამკურნალოდ. თუმცა, დერმატოლოგი ამ მედიკამენტს, ძირითადად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოწერს, თუ სხვა მედიკამენტებმა არ გამოიღო შედეგი.

ინფლიქსიმაბს და ადალიმუმაბს საავადმყოფოში ინექციის სახით უკეთებენ და შეიძლება საჭირო იყოს რეგულარული ინექციები.

შესაძლო გვერდითი ეფექტებია, სისხლის ცვლილებები, ინფექციები და ორგანოს კიბო. თუ მედიკამენტების მიღებას აპირებთ, ჯერ თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

 

ოპერაცია

ოპერაციას იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ ჩირქიანი ჰიდრადენიტის კონტროლირება მედიკამენტებით შეუძლებელია, ან თუ მდგომარეობა უეცრად ძალიან დამძიმდა.

თუ პაციენტს აქვს ძალიან დიდი ზომის გამონაზარდი, რომელიც არ პატარავდება ანტიბიოტიკებით მკურნალობის შედეგად, შესაძლოა ქვევით ჩამოთვლილი, რომელიმე მეთოდი შესთავაზონ:

  • ქირურგიული გზით განაკვეთის გაკეთება და გამონაზარდის ამოჭრა ან დრენირება
  • ლაზერით მოჭრა - ლაზერის საშუალებით გამონაზარდს ჭრიან (ამ პროცედურის ეფექტურობა დადასტურებული არ არის)
  • კრიოთერაპია - გამონაზარდების მოყინვა თხევადი აზოტით.

 

პროგნოზი

ჩირქიანი ჰიდრადენიტი ქრონიკული დაავადებაა და მისგან განკურნება შეუძლებელია, თუმცა ადრეულ სტადიაში დიაგნოსტიკის შემთხვევაში სიმპტომების გაუმჯობესება შესაძლებელია.

ეს მდგომარეობა ყველა ადამიანში არ პროგრესირებს მესამე სტადიამდე. დაავადების კონტროლი შესაძლებელია, ისე, რომ პირველ სტადიას არ გასცდეს.

თუმცა, ამ დაავადებას სხვადასხვანაირი გავლენა შეიძლება ჰქონდეს პაციენტის ცხოვრებაზე. საფენების მუდვივმა შეცვლამ, ტკივილმა, დისკომფორტმა და სირცხვილის გრძნობამ შეიძლება დეპრესიამდეც მიიყვანოს. თუ ამასთან გამკლავება გიჭირს გაესაუბრეთ ექიმს ან მიმართეთ მხარდამჭერთა გუნდს.

 

ცვლილებები ცხოვრების სტილში

სიმპტომების უკეთესად გასამკლავებლად რეკომენდირბეულია შემდეგი რჩევების გათვალისწინება:

  • დაიკლეთ წონაში (თუ ხართ ჭარბწონიანი)
  • შეწყვიტეთ მოწევა (თუ ხართ მწეველი)
  • ისწავლეთ სტრესთან გამკლავება, რადგან სტრესი აუარესებს სიმპტომებს
  • გამოიყენეთ ანის ანტისეპტიკური ხსნარები ან ანტისეპტიკური საპონი
  • ლაქებზე და გამონაზარდებზე დაიდეთ თბილი საფენები, რომ დაეხმაროთ ჩირქის დრენირებას
  • არ ჩაიცვათ მჭიდროდ მომჯდარი ტანსაცმელი
  • დაზიანებულ ადგილებში მოერიდეთ გაპარსვას და სუნამოების ან სურნელოვანი დეზოდორების გამოყენებას.

ჩირქიანი ჰიდრადენიტით დაავადებული ბევრი ადამიანი ადგილობრივ მხარდამჭერთა ჯგუფს უერთდება და ამით იღებს სარგებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან  The HidradenitisSuppurativa Trust-ის ვებგვერდს.

ბოლო განხილვის თარიღი: 5/10/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 5/10/2016