პნევმონია

პნევმონიის მსუბუქი ფორმა მარტივად იკურნება სახლის პირობებშიც, ანტიბიოტიკებით, დასვენებითა და დიდი რაოდენობით სითხის მიღებით. უფრო მძიმე შემთხვევების დროს კი შეიძლება საჭირო გახდეს კლინიკაში მკურნალობა.

გაითვალისწინეთ, რომ დანიშნული ანტიბიოტიკების მიღება უნდა გააგრძელოთ იმ შემთხვევაშიც კი თუ თავს კარგად იგრძნობთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმმა არ გირჩიათ მათი მიღების შეწყვეტა.

ანტიბიოტიკის კურსის შუა გზაზე შეწყვეტით ბაქტერიამ შეიძლება გამოიმუშავოს რეზისტენტობა ანტიბიოტიკის მიმართ.

მკურნალობის დაწყებიდან სიმპტომები თანდათანობით უნდა გაუმჯობესდეს, თუმცა გამოჯანმრთელების სისწრაფე დამოკიდებულია პნევმონიის სიმძიმეზე.

ზოგადად გამოჯანმრთელების გეგმა შემდეგია:

  • ერთი კვირის შემდეგ - სიცხემ უნდა დაიწიოს ნორმალურ მაჩვენებლამდე
  • ოთხი კვირის შემდეგ - ტკივილი მკერდის არეში და ნახველის წარმოქმნა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს
  • ექვსი კვირის შემდეგ - ხველა და სუნთქვის უკმარისობა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს
  • სამი თვის შემდეგ - სიმპტომების უმრავლესობაუნდა გაქრეს, მაგრამ მაინც შეიძლება დარჩეს ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
  • ექვსი თვის შემდეგ - ადამიანთა უმრავლესობა თავს ნორმალურად იგრძნობს.

 

სახლში მკურნალობა

მიმართეთ ექიმს თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში სიმპტომები არ დაიწყებს გაუმჯობესებას.

სიმპტომები შეიძლება არ შემსუბუქდეს რამდენიმე მიზეზის გამო :

  • ინფექციის გამომწვევი ბაქტერია შეიძლება იყოს რეზისტენტული ანტიბიოტიკის მიმართ. ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ მედიკამენტი, ან მასთან ერთად დაგინიშნოთ სხვა ანტიბიოტიკიც
  • შეიძლება ბაქტერიის ნაცვლად ვირუსი იყოს პნევმონიის გამომწვევი მიზეზი - ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკებს არ ექნებათ არავითარი ეფექტი და თქვენი იმუნური სისტემა თავად დაიწყებს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნას.

ტკივილგამაყუჩებლები, როგორებიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი შეიძლება დაგეხმაროთ ტკივილის და სიცხის შემსუბუქებაში. თუმცა არ დალიოთ იბუპროფენი, თუ

  • ხართ ალერგიული ასპირინზე ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო წამლებზე
  • გაქვთ ასთმა, თირკმლის დაავადება, კუჭის წყლულის ისტორია ან მოუნელებლობა.

ხველის საწინააღმდეგო წამლები არ არის რეკომენდირებული, რადგან მათი ეფექტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საკმაოდ მცირეა. ხველით გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქება შესაძლებელია თბილი თაფლის და ლიმონის წვენის სასმელით.

ანტიბიოტიკების კურსის დასრულების შემდეგ ხველა შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ ორი სამი კვირის განმავლობაში და რადგან ორგანიზმი ისევ აღდგენის მდგომარეობაშია დაღლილობის გრძნობა კიდევ მეტ ხანს შეიძლება გაგრძელდეს.

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხეები, რომ თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია და დაისვენეთ დიდი რაოდენობით რომ დაეხმაროთ ორგანიზმს აღდგენაში.

თუ ხართ მწეველი, ძალიან მნიშვნელოვანია სიგარეტისთვის თავის დანებება.

 

 

მკურნალობის შემდეგ

ექიმი კიდევ დაგინიშნავთ კონსულტაციას ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან 6 კვირის შემდეგ.

ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ გულმკერდის რენტგენოგრაფიის გადაღება, მაგალითად, თუ :

  • თქვენი სიმპტომები არ შემსუბუქდა
  • სიმპტომები ისევ დაგიბრუნდათ
  • ეწევით
  • ხართ 50 წელს ზემოთ ასაკის

ზოგიერთ პაციენტს ურჩევენ პნევმონიის გადატანის შემდეგ გაიკეთონ ვაქცინაცია გრიპის, ან პნევმოკოკული ინფექციის წინააღმდეგ. 

 

კლინიკაში მკურნალობა

თუ თქვენ გაქვთ პნევმონიის მძიმე ფორმა, მაშინ შეიძლება დაგჭირდეთ კლინიკაში მკურნალობა. ეს მოიცავს ინტრავენური ანტიბიოტიკებით მკურნალობასა და სითხეების მიღებას, საჭიროების შემთხვევაში სუნთქვაში დასახმარებლად შეიძლება გამოიყენონ ჟანგბადიც.

ძალიან რთულ შემთხვევებში შეიძლება გადაგიყვანონ რეანიმაციულ განყოფილებაში და ჟანგბადის ვენტილატორზე შეგაერთონ ჰაერის უკმარისობის გამო. 

 

ასპირაციული პნევმონია

თუ პნევმონია გამოიწვია რაიმე ნივთის შესუნთქვამ, შესაძლებელია საჭირო გახდეს ამ ნივთის ამოღება.

ამ შემთხვევაში ექიმი გამოიყენებს სპეციალურ მილაკს ფილტვების საფაერო გზებში ჩასახედად და შემდეგ ამოიღებს ჩასუნთქულ სხეულს. ამას ბრონქოსკოპია ეწოდება.

ბოლო განხილვის თარიღი: 11/05/2016 შემდეგი განხილვის თარიღი: 11/05/2018