ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლები

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები ფართოდ გამოიყენება ტკივილის შესამხუბუქებლად, ანთების შესამცირებლად და სიცხის დასაწევად.

ისინი ხშირად გამოიყენება თავის ტკივილების, მენსტრუაციული ციკლის დროს ტკივილის, დაჭიმულობების, გაციების და გრიპის, ართრიტის და სხვა ხანგძლივი ტკივილების შესამსუბუქებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ეს წამლები ფართოდ არის გავრცელებული, ისინი არ არის ყველასთვის დასაშვები და ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემური გვერდითი ეფექტები.

 

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების სახეობები

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლები გვხვდება აბების, კაფსულების, ანალური სანთლების, კრემების, ჟელეების და ინექციების სახით. ზოგიერთი მათგანი ურეცეპტოდ გაიცემა, ზოგს კი რეცეპტი სჭირდება.

ამ წამლების ძირითადი სახეობებია:

  • იბუპროფენი (ibuprofen)
  • ნაპროქსენი (naproxen)
  • დიკლოფენაკი (diclofenac)
  • ცელეკოქსიბი (celecoxib)
  • მეფენამის მჟავა (mefenamic acid)
  • ეტორიკოქსიბი (etoricoxib)
  • ინდომეტაცინი (indomethacin)
  • ასპირინის მაღალი დოზა - ასპირინის დაბალი დოზა არ განიხილება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ წამლად.

ეს წამლები შეიძლება გაიყიდოს ამავე დასახელებებით, ან მწარმოებლის დასახელებით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთნაირად ეფექტურია, რომელიმე შეიძლება უკეთ მოქმედებდეს სხვადასხვა ადამიანზე.

 

ვის შეუძლია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების მიღება?

ამ წამლების მიღება ადამიანთა უმრავლესობისთვის დასაშვებია, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი უფრო უნდა გაფრთხილდეს მათი მიღების დროს.

მათ მიღებამდე უმჯობესია, რომ შეეკითხოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

  • ხართ 65 წლის ან უფრო მეტის
  • ხართ ორსულად, ან აპირებთ დაფეხმძიმებას
  • ბავშვს კვებავთ ძუძუთი
  • გაქვთ ასთმა
  • გაქვთ, ან წარსულში გქონდათ ალერგიული რეაქციები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ წამლებზე
  • გაქვთ, ან გქონდათ კუჭის წყლული
  • გაქვთ პრობლემები გულზე, ღვიძლზე, თირკმელებზე, სისხლის წნევასთან, სისხლის მიმოქცევასთან ან ნაწლავებთან დაკავშირებით
  • იღებთ სხვა წამლებს (იხილეთ ქვემოთ: წამალთაშორისი ურთიერთქმედების შესახებ)
  • წამალი გჭირდებათ 16 წლამდე ბავშვისთვის - 16 წლამდე ბავშვისთვის არ შეიძლება არცერთი წამალი, რომელიც შეიცავს ასპირინს.

თუ არ იქნება რეკომენდირებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების მიღება, ექიმმა შეიძლება განიხილოს ალტერნატიული წამლები, მაგალითად პარაცეტამოლი.

 

გვერდითი ეფექტები

ყველა წამლის მსგავსად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ წამლებსაც აქვთ გვერდითი ეფექტები. გვერდითი ეფექტები უფრო ხშირია, როდესაც წამლებს იღებთ დიდი დოზებით და ხანგძლივად, ასევე მოხუცებში და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებში.

ამ წამლების შესაძლო გვერდითი ეფექტებია:

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების მიღების დროს, თუ გაგივითარდათ რაიმე პრობლემური გვერდითი ეფექტი, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს.

 

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების ზოგიერთი სახეობა ურთიერთქმედებს სხვა წამლებთან, რამაც შეიძლება იმოქმედოს ამ ან სხვა წამლის ეფექტურობაზე და ასევე გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკები.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების მიღებამდე აუცილებლად უთხარით ექიმს და მიიღეთ რჩევა, თუ უკვე იღებთ:

  • სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ წამლებს
  • დაბალი ზოდის ასპირინს ან ვარფარინს - წამლები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების თავიდან ასარიდებლად
  • ციკლოსპორინს (ciclosporin) - წამალი, რომელიც გამოიყენება ავტოიმუნური მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორებიცაა ართრიტი ან წყლულოვანი კოლიტი
  • შარდმდენებს (დიურეტიკებს) - წამლები რომლებიც ზოგჯერ გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ
  • ლითიუმს - წამალი, რომელიც გამოიყენება ბიპოლარული აშლილობის და მძიმე დეპრესიის სამკურნალოდ
  • მეთოტრექსატს (methotrexate) - წამალი, რომელიც გამოიყენება რევმატიული ართრიტის სამკურნალოდ
  • ანტიდეპრესანტული წამლის სახეობა, რომელსაც სელექციური სეროტონინის უკუშეწოვის ინჰიბიტორს უწოდებენ.

თუ იღებთ რაიმე წამალს და არ ხართ დარწმუნებული, რომ ის შეიძლება უსაფრთხო იყოს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ წამლებთან, აუცილებლად მიმართეთ ექიმს რჩევისთვის, ასევე წაიკითხეთ წამლის ინსტრუქცია.

 

საკვები და ალკოჰოლი

აუცილებლად ყურადღებით წაიკითხეთ წამლის ინსტრუქცია, რომელიც თან ახლავს წამალს, მასში უნდა ეწეროს თუ არის აუცილებელი რომელიმე სახის საკვებისგან ან სასმელისგან ტავის შეკავება წამლის მიღების პერიოდში. ასევე შეგიძლიათ ჰკითხოთ ექიმსაც.

ზოგადად არ არის აუცილებელი რომელიმე სახის საკვებისგან ან სასმელისგან თავის არიდება, თუმცა მაინც აჯობებს წინასწარ გადაამოწმოთ.

აბები და კაფსულები უნდა დალიოთ წყალთან ან საკვებთან ერთად, რომ თავიდან აირიდოთ კუჭის გაღიზიანება.

ამ წამლების მიღების დროს ალკოჰოლის მიღება ზოგადად დასაშვებია, თუმცა ალკოჰოლმა შეიძლება დამატებით გააღიზიანოს კუჭი.

 

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების ჭარბი დოზით მიღება

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების ჭარბი დოზით მიღება შეიძლება საშიში აღმოჩნდეს, ამიტომ თუ შემთხვევით მიიღეთ ჭარბი დოზა, აუცილებლად მიმართეთ სასწრაფო დახმარებას.

აუცილებლად დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ ჭარბი დოზის მიღების შედეგად თქვენ ან თქვენს გვერდით მყოფს გაგივითარდათ სერიოზული გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა კრუნჩხვა, სუნთქვის გაძნელება ან გონების დაკარგვა.

 

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების ალტერნატივები

რადგან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ წამლებს შეუძლიათ პრობლემატური გვერდითი ეფექტების გამოწვევა, ამიტომ ხშირად პირველ რიგში რეკომენდაციას ალტერნატიულ სამკურნალო საშუალებებს უწევენ.

ტკივილის გასაყუჩებლად ძირითადი ალტერნატივა არის პარაცეტამოლი, რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა და უსაფრთხოა ადამიანთა უმეტესობისთვის.

კუნთების ან სახსრების ტკივილისთვის პირველ რიგში გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების კრემები ან ჟელეები, რომლებიც უნდა წაისვათ კანზე. ამ სახეობებს აბებთან და კაფსულებთან შედარებით ნაკლები გვერდითი ეფექტები ახასიათებთ.

სხვადასხვა მდგომარეობაზე დამოკიდებულებით ექიმმა შეიძლება შემოტავაზოთ სხვადასხვა ალტერნატივები.

ბოლო განხილვის თარიღი: 22/03/2016 შემდეგი განხილვის თარიღი: 22/03/2018