არტერიული თრომბოზი

არტერიული თრომბოზი სისხლის კოლტია, რომელიც არტერიაში ვითარდება. ეს პათოლოგია ძალიან სახიფათოა, რადგან მან შეიძლება ძირითადი ორგანოების სისხლმომარაგება შეაფერხოს.

იმის მიხედვით, თუ სად განვითარდება სისხლის კოლტი, არტერიულ თრომბოზს შეუძლია გამოიწვიოს რამდენიმე სერიოზული მდგომარეობა, ესენია:

  • გულის შეტევა/ინფარქტი - როცა ფერხდება გულის სისხლმომარაგება
  • ინსულტი - როცა სისხლის კოლტი თავის ტვინის მომმარაგებელ სისხლძარღვებში ვითარდება
  • პერიფერიული არტერიული დაავადება (peripheral arterial disease (PAD)), ასევე ცნობილია პერიფერიული სისხლძარღვების დაავადების სახელწოდებით (peripheral vascular disease (PVD)) - როცა ქვედა კიდურებში სისხლმომარაგება დარღვეულია.

დიდ ბრიტანეთში სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი გულის შეტევა და ინსულტია.

 

ვის აქვს არტერიული თრომბოზის განვითარების რისკი?

არტერიული თრომბოზების უმრავლესობა გამოწვეულია არტერიების ათეროსკლეროზული (atherosclerosis)დაზიანებით. ამ პათოლოგიის დროს ცხიმოვანი ნალექი მასა, რომელსაც ცხიმოვან ფოლაქებსაც უწოდებენ არტერიის კედლებზე ლაგდება, რაც ამ უკანასკნელის შევიწროებასა და გამაგრებას იწვევს. ათეროსკლეროზული ფოლაქის სისხლძარღვის კედლიდან მოწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა წარმოიქმნას სისხლის კოლტიც (სისხლის შენადედები მასა, იგივე თრომბი).

არსებობს რისკ-ფაქტორთა მთელი წყება, რომლის დროსაც ადამიანს გაზრდილი აქვს არტერიაში სისხლის კოლტის წარმოქმნის რისკი. ეს რისკ-ფაქტორებია:

არტერიული თრომბოზების რისკი ასაკის მატებასთან ერთადაც იზრდება, ასე რომ, უფრო ხშირად ეს პათოლოგია სწორედ ასაკოვან პაციენტებში გვხვდება.

 

არტერიული თრომბოზის მკურნალობა

არტერიულ თრომბოზებს ხანდახან შესაძლებელია მედიკამენტების ან ქირურგიული ჩარევის საშუალებით ვუმკურნალოთ.

 

სამკურნალო საშუალებები

ზოგიერთ შემთხვევაში თრომბის გახსნა და არტერიაში სისხლის მიმოქცევის აღდგენა შესაძლებელია სპეციფიური პრეპარატების - თრომბოლიტიკების გამოყენებით. ამ წამლების მაგალითებია ალტეპლასი (alteplase) და რეტეპლასი (reteplase).

ამ წამლების მაქსიმალური თერაპიული ეფექტურობისთვის აუცილებელია გულის შეტევის ან ინსულტის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად იქნეს ჩატარებული მედიკამენტოზური მკურნალობა.

 

ქირურგია

არტერიული თრომბოზებისდროს ქირურგიული მკურნალობა მოიცავს დახშული არტერიის გაწმენდას ან დაბლოკილი სისხლძარღვების გვერდის ავლით სისხლმომარაგების აღდგენას. ქირურგიული ოპერაციის ტიპი დამოკიდებულია ამ მდგომარეობის სიმძიმესა და ადგილმდებარეობაზე

მაგალითად, შესაძლებელია საჭირო გახდეს გულის ოპერაცია იმ შემთხვევაში, თუ დახშულია გულის მკვებავი არტერია. ეს ოპერაციებია:

  • კორონარული (გვირგვინოვანი) არტერიების სტენტირება (coronary stent placement) -დახშულ არტერიაში ხდება ბალონის  გაბერვა (ამ პროცედურას ანგიოპლასტიკა ეწოდება), გაფართოებულ არტერიაში შეჰყავთ მეტალის მილი-სტენტი, რომელსაც ათავსებენ არტერიის გასაფართოებლადდა მისი შემდგომი დახშობის თავიდან ასარიდებლად.
  • გვირგვინოვანი არტერიის შუნტირება (coronary artery bypass graft) - ამ ოპერაციის დროს ორგანიზმის სხვა ნაწილიდან აღებული სისხლძარღვის საშუალებით ხდება გულის მკვებავი შევიწროებული არტერიის გვერდის ავლით სისხლმომარაგების აღდგენა.

თუ სისხლის კოლტი (თრომბი) კისრის სისხლძარღვებში განვითარდა, მაშინ შესაძლებელია საჭირო გახდეს საძილე არტერიის ენდარტერექტომია (carotid endarterectomy). ამ ოპერაციის დროს, ქირურგი კისერზე გააკეთებს განაკვეთს, გახსნის არტერიას და ამოიღებს დალექილ ცხომოვან მასას.

 

რისკების შემცირება

სამწუხაროდ, სისხლის კოლტების წარმოქმნის სრული პრევენცია შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია რისკების მინუმუმამდე შემცირება.

 

სამკურნალო საშუალებები

თუ უკვე გქონდათ სისხლის კოლტი, რეციდივის შესამცირებლად საჭიროა სამკურნალო პრეპარატების მიღება. ეს პრეპარატებია:

  • სტატინები (statins) სისხლში არსებული ქოლესტერინის დონის შესამცირებლად
  • ანტიკოაგულანტები (anticoagulant medicines) მაგ. ვარფარინი, სინთრონი (sinthrone), დაბიგატრან (dabigatran), აპიქსიბანი (apixiban), რივაროქსაბანი (rivaroxaban), ან ანტითრომბოზული საშუალებები მაგ. ასპირინის დაბალი დოზები ან კლოპიდოგრელი (clopidogrel), სისხლის გასათხელებლად და თრომბის წარმოქმნის რისკის შესამცირებლად.
  • ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მაგ. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ-ი) (angiotensin-converting enzyme (ACE) inhibitors) მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად.

 

ცხოვრების წესი

არტერიული თრომბოზებისა და გულის დაავადების რისკის შემცირება ასევე შესაძლებელია შემდეგი ღონისძიებებით:

 

თრომბის სხვა სახეობები

არტერიული თრომბოზის გარდა, არსებობს რამდენიმე ტიპის სისხლის კოლტები, ესენია:

  • ვენური თრომბოემბოლია - ვენაში განვითარებული სისხლის კოლტი
  • ღრმა ვენების თრომბოზი - ღრმა ვენებში, ხშირად ქვედა კიდურის ვენებში განვითარებული სისხლის კოლტი
  • ემბოლია - მდგომარეობა, რომლის დროსაც არტერიაში სისხლის ნაკადი დახშულია უცხო სხეულის, მაგალითად სისხლის კოლტის ან ჰაერის ბუშტუკის მიერ
  • ფილტვის ემბოლია (pulmonary embolism) - ფილტვის არტერიაში განვითარებული სისხლის კოლტი.

ბოლო განხილვის თარიღი: 18/02/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 18/02/2017