გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

კარდიო-ვასკულარული დაავადება არის გულის ან მისი სისხლძარღვების დაავადების, ანუ გულ-სისხლძარღვთა დაავადების აღმნიშვნელი ტერმინი.

ეს დაავადება ძირითადად ასოცირებულია არტერიებში ცხიმოვანი ნადების დალექვასთან (რაც ათეროსკლეროზის სახელითაა ცნობილი) და თრომბის წარმოქმნის გაზრდილ რისკთან. ის ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიების დაზიანებით ისეთ ორგანოებში, როგორებიცაა ტვინი, გული, თირკმელები და თვალები.

ეს დაავადება დიდ ბრიტანეთში სიკვდილიანობის და დაინვალიდების ძირითადი მიზეზია, თუმცა ცხოვრების ჯანსაღი წესის მიყოლით შესაძლებელია მისი პრევენცია.

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სახეობები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა მათგან ძირითადად გამოირჩევა 4 სახეობა, რომლებიც აღწერილია ქვემოთ.

 

გულის კორონარული დაავადება

გულის კორონარული დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიმოქცევა იბლოკება ან ფერხდება გულის კუნთისკენ მიმავალ არტერიაში. ეს იწვევს გულის დაძაბულობას და შეიძლება გამოიწვიოს:

  • სტენოკარდია - ტკივილი გულ-მკერდის არეში, რაც გამოწვეულია გულის კუნთში სისხლის მიმოქცევის შეფერხებით
  • გულის შეტევა - როდესაც გულის კუნთისკენ მიმავალი სისხლი უეცრად იბლოკება
  • გულის უკმარისობა - როდესაც გულს აღარ შეუძლია სხეულისკენ სისხლის ნორმალურად გადატანა.

გაიგეთ მეტი გულის კორონარული დაავადების შესახებ.

 

ინსულტი და გარდამავალი იშემიური შეტევა

ინსულტი არის სასწრაფო და გადაუდებელი მდგომარეობა, რომლის დროს ტვინის რომელიღაც უბანს აღარ მიეწოდება სისხლი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება და შესაძლო სიკვდილიც.

გარდამავალი იშემიური შეტევა, რომელსაც ასევე უწოდებენ მინი-ინსულტს არის ინსულტის მსგავსი მდგომარეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ინსულტისგან განსხვავებით ტვინისკენ მიმავალი სისხლის მიმოქცევა მხოლოდ დროებით ფერხდება.

ინსულტის და გარდამავალი იშემიური შეტევის სიმპტომები მსგავსია და აუცილებელია შემდეგო სიმპტომების დამახსოვრება:

  • სახე -  სახის ერთი ნაწილი ჩამოვარდება, ადამიანს არ აქვს გაღიმების უნარი, ან მისი პირი ან თვალი შეიძლება ჩამოვარდეს (დაბლა დაიწიოს)
  • მხრები - ადამიანს არ შეუძლია ორივე ხელის ზემოთ აწევა და ასე დაჭერა ერთ-ერთი მკლავის სისუსტის ან დაბუჟების გამო
  • მეტყველება - ვერ მეტყველებს გამართულად, ან შეიძლება საერთოდ ვერ მეტყველებდეს
  • დრო - ასეთ დროს სასწრაფოდ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

წაიკითხეთ მეტი ინსულტის და გარდამავალი იშემიური შეტევის შესახებ.

 

პერიფერიული არტერიების დაავადება

პერიფერიული არტერიების დაავადება ვითარდება კიდურების არტერიების, ძირიღადად ფეხის არტერიების დაბლოკვის შედეგად.

ამან შეიძლება გამოიწვიოს:

  • ფეხის ყრუ, ან სპაზმური ტკივილი, რომელიც უარესდება სიარულის დროს და უმჯობესდება დასვენების დროს
  • ფეხებზე ან ტერფებზე თმის ცვენა
  • ფეხებში დაბუჟება ან სისუსტე
  • ხანგრძლივი წყლულების გაჩენა ფეხებზე ან ტერფებზე.

წაიკითხეთ მეტი პერიფერიული არტერიების დაავადების შესახებ (peripheral arterial disease).

 

აორტის დაავადება

აორტის დაავადება არის დაავადებების ჯგუფი, რომლებიც მოქმედებენ აორტაზე. აორტა არის სხეულის ყველაზე მსხვილი სისხლძარღვი, რომელსაც სისხლი გადააქვს გულიდან სხეულის დანარჩენ ნაწილში.

აორტის დაავადებების ყველაზე ხშირი ტიპია აორტის ანევრიზმა, რომლის დროსაც ხდება აორტის კედლის შესუსტება და გამობერვა. ამ მდგომარეობას ძირითადად არ გააჩნია სიმპტომები, მაგრამ არსებობს მისი გახეთქვის შანსი, რაც გამოიწვევს სიცოცხლისთვის საშიშ სისხლდენას.

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი მიზეზები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, მაგრამ მისი განვითარების რისკის გაზრდა მრავალ ფაქტორს შეუძლია. ეს ფაქტორები ცნობილია რისკ ფაქტორების სახელით.

რაც უფრო მეტი რისკ ფაქტორი აქვს ადამიანს მით უფრო მეტი შანსია რომ განუვითარდეს ეს დაავადებები.

40 წელს გადაცილებული ყველა ადამიანი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გამოკვლევას უნდა იტარებდეს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. გამოკვლევები ასევე უნდა მოიცავდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკების შეფასებას და აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია რისკების და მათი შემცირების შესახებ.

ძირითადი რისკ ფაქტორები განხილულია ქვემოთ.

 

სისხლის მაღალი წნევა

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი არის სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერთენზია).  სისხლის მაღალ წნევას შეუძლია დააზიანოს სისხლძარღვები.

გაიგეთ მეტი მაღალი წნევის შესახებ.

 

სიგარეტის მოწევა

სიგარეტის მოწევა და თამბაქოს სხვა პროდუქტების მოხმარება ასევე მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკებს. თამბაქოში შემავალი საშიში ნივთიერებები აზიანებს და ავიწროვებს არტერიის კედლებს.

 

მაღალი ქოლესტერინი

ქოლესტერინი არის ცხიმოვანი ნივთიერება, რომელიც გვხვდება სისხლში. მაღალი

ქოლესტერინის მაღალი დონეაწვრილებს არტერიებს და ზრდის სისხლის თრომბის წარმოქმნის რისკს.

გაიგეთ მეტი ქოლესტერინის მაღალი დონის შესახებ (High blood cholesterol). 

 

დიაბეტი

დიაბეტი არის მუდმივი დაავადება, რომელიც იწვევს სისხლში შაქრის გაზრდილ დონეს. შაქრის მაღალ მაჩვენებელს შეუძლია დააზიანოს სისხლძარღვები და უფრო მიდრეკილი გახადოს შევიწროებისადმი.

მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანების დიდი ნაწილი არის ჭარბწონიანი ან მსუქანი, რაც ასევე დამატებით ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკებს.

გაიგეთ მეტი დიაბეტის შესახებ.

 

ნაკლები აქტიურობა

როდესაც ადამიანი არ ვარჯიშობს რეგულარულად, მას უფრო მეტი ალბათობით განუვითარდება სისხლის მაღალი წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე და ასევე იქნება ჭარბწონიანი. ყველა ეს ფაქტროი წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკ ფაქტორებს.

რეგულარული ვარჯიში დაეხმარება გულს იყოს ჯანსაღი. ვარჯიშის ჯანსაღ კვებასთან ერთად შეხამებით, ვარჯიში ასევე დაეხმარება ადამიანს შეინარჩუნოს ჯანსაღი წონა.

 

ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე

ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე ზრდის დიაბეტის და სისხლის მაღალი წნევის განვითარების რისკებს. ეს ორივე მათგანი კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

ამ დაავადების განვითარების რისკ ფაქტორში მოხვდება ადამიანი, თუ:

  • მისი სხეულის მასის ინდექსი არის 25, ან უფრო მეტი - გამოიყენეთ ჩვენი კალკულატორი, რომ გაიგოთ გაქვთ თუ არა ჯანსაღი წონა
  • მამაკაცის შემთხვევაში მისი წელის გარშემოწერილობა არის 94სმ ან უფრო მეტი და ქალის შემთხვევაში 80სმ, ან უფრო მეტი.

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ოჯახური ისტორია

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი უფრო მაღალია, თუ არსებობს ასეთი დაავადების ოჯახური ისტორია.

ოჯახური ისტორია ნიშნავს, რომ:

  • თქვენს მამას ან ძმას დაუდგინდა გულ-სისხლძარღვთა დაავადება 55 წლამდე ასაკში, ან
  • თქვენს დედას ან დას დაუდგინდა ეს დაავადება 65 წლამდე ასაკში.

აუცილებლად უთხარით ეს ისტორია თქვენს ექიმს, როდესაც მიხვალს რისკების შესაფასებლად. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს ქოლესტერინის დონის გამოკვლევა და ასევე გაგიზომოთ წნევა.

 

სხვა რისკ ფაქტორები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების სხვა რისკ ფაქტორებსწარმოადგენენ:

  • ასაკი - ეს დაავადებები უფრო ხშირია 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში და შესაბამისად რისკებიც იზრება ასაკის მატებასთან ერთად
  • სქესი - ეს დაავადებები მამაკაცებში უფრო ადრეულ ასაკში ვითარდება ვიდრე ქალებში
  • დიეტა/კვება - არაჯანსაღმა საკვებმა შეიძლება გაზარდოს სისხლის წნევა და სისხლში ქოლესტერინის დონე
  • ალკოჰოლის მიღება - ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარებამ ასევე შეიძება გაზარდოს ქოლესტერინის დონე და სისხლის წნევა და ასევე ხელი შეუწყოს წონის მატებასაც.

 

პრევენცია

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით. ასევე თუ უკვე განვითარებულია ეს დაავადებები ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებამ შეიძლება შეაჩეროს მისი გაუარესების შანსები.

რისკების შემცირების გზები აღწერილია ქვემოთ.

 

შეწყვიტეთ მოწევა

თუ ეწევით, აუცილებლად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაანებოთ თავი მოწევას.

NHS Smokefreeმოგცემთ ინფორმაციას და რჩევებს თავის დანებებასთან დაკავშირებით.

წაიკითხეთ მეტი სიგარეტის მოწევის შეწყვეტის შესახებ (stopping smoking).

 

ჯანსაღი და ბალანსირებული კვება

ჯანსაღი გულის შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია ჯანსაღი და ბალანსირებული კვება.

ჯანსაღი და ბალანსირებული კვება მოიცავს:

  • ნაჯერი ცხიმების რაოდენობის შემცირებას - ეს ის ცხიმებია, რომლებიც გვხვდება ცხოველურ პროდუქტებში, როგორებიცაა ქონი, ერბო, კარაქი, კრემები, არაჟანი და ა.შ. - მათ ნაცვლად ეცადეთ მიიღოთ უფრო ჯანსაღი ცხიმები, როგორებიცაა ცხიმიანი თევზი, თხილეულობა, კაკალი, მზესუმზირის და სხვა თესლოვანი მარცვლეულის ზეთი და ზეითუნის ზეთი
  • ნაკლები რაოდენობის მარილის მოხმარებას. ეცადეთ შეზღუდოთ მარილის მიღება დღეში არაუმეტეს 6 გრამამდე
  • ნაკლები რაოდენობის შაქრის მიღება
  • დიდი რაოდენობით უჯრედისის (ბოჭკოვანი საკვების) მიღება, რაც მოიცავს პურს და ბურღულეულს, მაკარონს, ხილს და ბოსტნეულს
  • დიდი რაოდენობით ხილის და ბოსტნეულის მიღება - ყოველდღიურად მიირთვით ხილისა და ბოსტნეულის სულ მცირე 5 პორცია.

გაიგეთ მეტი ჯანსაღი კვების შესახებ.

 

ივარჯიშეთ რეგულარულად

ზრდასრულმა ადამიანმა კვირის განმავლობაში უნდა ივარჯიშოს სულ მცირე 150 წუთის განმავლობაში საშალო აქტივობის აერობიკული ვარჯიშით, როგორიცაა მაგალითად ველოსიპედით სიარული, სწრაფი სიარული, ცურვა და ა.შ.

თუ ასეთი რაოდენობით ვარჯიში რთულია თქვენთვის, ეცადეთ დაიწყოთ თქვენთვის კომფორტული ხანგრძლივობით და თანდათან გაზარდოთ აქტიურობა.

 

შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა

თუ ხართ ჭარბწონიანი, ან მსუქანი რეგულარული ვარჯიშის და სწორი კვების კომბინაციით შეგიძლიათ დაიკლოთ წონაში და მიაღწიოთ ჯანსაღ შედეგს. ჯანსაღი წონა გულისხმობს სხეულის მასის ინდექსის არაუმეტეს 25 მაჩვენებელს.

გაიგეთ მეტი წონის დაკლების შესახებ. ჩვენი წონის დაკლების გზამკვლევი და გეგმა დაგეხმარებად ადვილად და სწორად დაიკლოთ წონაში.

 

შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება

თუ მოიხმართ ალკოჰოლს, ეცადეთ რომ კვირის განმავლობაში არ დალიოთ ალკოჰოლის 14 ერთეულზე მეტი და თუ სვამთ ამ რაოდენობას, ეს 14 ერთეული უნდა გადაანაწილოთ სულ მცირე 3 დღეზე მაინც.

ალკოჰოლის ერთი ერთეული დაახლოებით ტოლია 25 მლ ძლიერ ალკოჰოლური სასმელის, როგორებიცაა არაყი, ვისკი, კონიაკი და ა.შ. (იგულისხმება 40% ალკოჰოლიანი სასმელი). ღვინის პატარა ზომის ჭიქა (125 მლ) დაახლოებით უდრის 1.5 ერთეულს.

გაიგეთ მეტი ალკოჰოლის ერთეულების შესახებ.

 

მედიკამენტები

თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი, ექიმი დაგინიშნავთ წამლებს ამ რისკის შესამცირებლად. რეკომენდირებული წამლები შეიძლება იყოს სტატინები (statins) ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, დაბალი დოზის ასპირინი სისხლის თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის და სისხლის წნევის შესამცირებელი წამლები.

ბოლო განხილვის თარიღი: 7/09/2016 შემდეგი განხილვის თარიღი: 7/09/2018