აქალაზია

აქალაზია არის დაავადება, როდესაც საყლაპავს არ აქვს უნარი გაატაროს საკვები კუჭში. საყლაპავის ბოლოში განთავსებული სარქველი ასევე ვერ იღება, რომ გაატაროს საკვები კუჭისკენ.

ამისშედეგად, საკვები იჭედება საყლაპავში და ხშირად ამოდის ზევით. 

რგოლისებრი კუნთოვანი ქსოვილი, რომელსაც ეწოდება კარდიალური (ან ქვედა საყლაპავის) სპინქტერი, უზრუნველყოფს გასტრო-ეზოფაგალური საზღვრის დახურვას, რითაც თავიდან გვაცილებს კუჭის მჟავისა და შიგთავსის უკუამოდინებას საყლაპავში (გულძმარვა, ან გასტრო-ეზოფაგური დაავადება).

ჩვეულებრივ, ეს კუნთი დუნდება, რათა მისცეს საჭმელს კუჭში ჩასვლის საშუალება. აქალაზიის დროს იგი საკმარისად არ დუნდება და საყლაპავის ბოლო იკეტება საკვებით. აქალაზია არის იშვიათი მდგომარეობაა და მას ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც კარდიოსპაზმს.

 

სიმპტომები

აქალაზიის სიმპტომები შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს და ჩვეულებრივ, ძლიერდება თანდათანობით. აქალაზიით დაავადებული ადამიანების უმრავლესობას აღენიშნება დისფაგია - მდგომარეობა, როდესაც პაციენტს უძნელდება და ტკივა გადაყლაპვისას. ეს მდგომარეობა თანდათანობით მძიმდება რამდენიმე წლის განმავლობაში. ამის შედეგად, პაციენტმა შეიძლება ამოაბრუნოს მოუნელებელი საკვები მისი მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ნაწილი საკვებისა კი დარჩეს საყლაპავში.

მოუნელებელი საკვების ამობრუნებას ახლავს ბოყინისა და ხველის, გულძმარვისა და მკერდში ტკივილის შეგრძნება.

ზოგჯერ ნაღებინარი მასა შეიძლება ნელა, წვეთების სახით ამოვიდეს პირიდან და ღამით, ძილის დროს, დასვაროს ბალიში.თუ ნაღებინები მასა გადავა სასულეში, ადამიანს შეიძლება დაემართოს გულმკერდის განმეორებით ინფექციები და პნევმონიაც კი.

აქალაზიას ახასიათებს წონაში საგრძნობი კლება.

თუმცა, ზოგიერთ ადამიანში აქალაზია არ იწვევს სიმპტომებს და მისი აღმოჩენა ხდება მხოლოდ გულმკერდის რენტგენზე ან სხვა კვლევებზე, რომლებიც ტარდება სხვადასხვა მიზეზებით.

 

რა იწვევს აქალაზიას?

აქალაზიას იწვევს საყლაპავის კედლების დენერვაცია ან ნერვების დაზიანება. ამისი მიზეზი უცნობია, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ადრეულ ასაკში გადატანილი ვირუსული ინფექციების ბრალი.

აქალაზია ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ავტოიმუნურ მდგომარეობასთან, როდესაც იმუნური სისტემა უტევს ორგანიზმის ჯანრთელ უჯრედებს, ქსოვილებს და ორგანოებს. ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით აქალაზიის მქონე ადამიანებს ხშირად ჰქონდათ აუტოიმუნური მდგომარეობები, როგორებიცაა შოგრენის სინდრომი, მგლურა ან უვეიტი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, ის უფრო ხშირია შუახნის ასაკის და მოხუცებულ ადამიანებში.

არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გვაფიქრებინებდა აქალაზიის მემკვიდრეობით გადაცემაზე. აქალაზიიან ქალებს აქვთ ნორმალური ორსულობა და ნაყოფის ნორმალურ განვითარებას ხელი არ ეშლება.

 

როგორ ისმება დიაგნოზი?

თუ ოჯახის ექიმს აქვს ეჭვი აქალაზიაზე, პაციენტს გაგზავნის საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდება დიაგნოსტიკური პროცედურები.

 

ბარიუმის გადაყლაპვა

გადაყლაპვის დროს პაციენტი სვამს თეთრ სითხეს, რომელიც შეიცავს ქიმიურ ელემენტ - ბარიუმს, რაც იძლევა საყლაპავის რენტგენზე დანახვისა და გადაღების საშუალებას.

აქალაზიის დროს საყლაპავის ქვედა ბოლო (კარდიალური სპინქტერი) არ იხსნება კარგად, რაც იწვევს ბარიუმის კუჭში გადასვლის დაყოვნებას.

რენტგენი აჩვენებს გაფართოებულ საყლაპავს.

 

ენდოსკოპია

დრეკადი ინსტრუმენტი-ენდოსკოპი ჩადის პირიდან საყლაპავში და ექიმს აძლევს საყლაპავისა და კუჭის ზედაპირის დათვალიერების საშუალებას. ამ გამოკვლევით შესაძლებელი იქნება საყლაპავში გაჭედილი საკვების დანახვაც.

ენდოსკოპს შეუძლია გადალახოს საყლაპავის ქვედა ბოლოში მოთავსებული მჭიდრო სარქველი (კარდიალური სპინქტერი) და დაათვალიეროს კუჭი, რომ ექიმმა შეამოწმოს თუ არის რაიმე პრობლემა კუჭში.

გაიგეთ მეტი ენდოსკოპიის შესახებ.

 

მანომეტრია

მანომეტრით ზომავენ წნევას საყლაპავში. ამ პროცედურის დროს, პლასტმასისპატარა მილი ჩადის საყლაპავში ცხვირის ან პირის გავლით და საყლაპავის სხვადასხვა უბნებებში ზომავს წნევას.

აქალაზიის დროს შეკუმშვები სუსტია ან საერთოდ არ არის. საყლაპავის ქვედა ბოლოში წნევა არის მაღალი. სწორედ მაღალი წნევის და ყლაპვის დროს სარქვლის დისფუნქციის გამო ძნელდება ყლაპვა და საკვები საყლაპავში რჩება.

 

მკურნალობა

მკურნალობის მიზანია კარდიალური სარქვლის მოდუნება, რათა საკვები კუჭში ადვილად გადავიდეს. აქალაზია არ იკურნება, მაგრამ არსებობს მრავალი მეთოდი სარქვლის სპაზმის მოსახსნელად და სიმპტომების გასაუმჯობესებლად.

 

მედიკამენტები

წამლებს შეუძლიათ დროებით მოხსნან საყლაპავის ქვედა ბოლოში მდებარე სარქვლის სპაზმი. აბები, როგორებიც არიან ნიტრატები და ნიფედიპინი (nifedipine)მხოლოდ დროებით აუმჯობესებენ ყლაპვას და არ იძლევიან ეფექტს ზოგ პაციენტში, მაგრამ გამოსადეგი არიან, როდესაც იგეგმება ხანგრძლივი მკურნალობა.

ამ წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, მაგრამ მკურნალობის ხანგრძლივი კურსის განმავლობაში იგი ქრება.

 

დილატაცია (სარქვლის დაჭიმვა)

კეთდება სედატივის ან ზოგადი ანესთეზიის (ნარკოზის) საშუალებით. პროცედურის დროს, მცირე ზომის ბალონი (დაახლოებით 3-4 სმ დიამეტრის) გამოიყენება საყლაპავის ქვედა ბოლოში მდებარე სარქვლის კუნთების ბოჩკოების დასაცალკევებლად და სპინქტერის გასაფართოვებლად.

ეს, ჩვეულებრივ, აუმჯობესებს ყლაპვას. გაფართოების განმეორება შეიძლება საჭირო გახდეს ერთი ან რამდენიმე წლის შემდეგ.

 

ბოტულინის ტოქსინი (ბოტოქსის ინექცია)

ბოტოქსი იწვევს კუნთოვანი ბოჩკოების მოდუნებას. ეს ტოქსინი დაზიანებულ სარქველში შეიძლება შეყვანილ იქნას უმტკივნეულოდ ენდოსკოპის გამოყენებით.

ეს ეფექტურია რამოდენიმე თვის, ზოგჯერ კი რამოდენიმე წლის განმავლობაში. შემდეგ კი უნდა განმეორდეს. მკურნალობის ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნას, ამ პრობლემის დროებითი შემსუბუქებისთვის, იმ პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ მკურნალობის სხვა მეთოდების გამოყენება.

 

ქირურგიული ოპერაცია

ქირურგიული ოპერაციის დროს, ზოგადი ანესთეზიის მოქმედების ქვეშ საყლაპავს მიუდგებიან გულმკერდის, ან მუცლის მხრიდან. კუნთოვან ბოჩკოებს, რომელთაც ვერ ადუნებენ, ჭრიან. ოპერაციის შემდეგ ყლაპვა ძირითადად სამუდამოდ უმჯობესდება.

ამჟამად, ოპერაციას ატარებენ ლაპარასკოპიულად და ეს მოითხოვს კლინიკაში მხოლოდ ერთი ღამით დარჩენას.

 

გამოუმჯობესება მკურნალობის შემდეგ

ბალონური დილატაციისა (გაფათოების) და ოპერაციის შემდეგ სიმპტომების გასაუმჯობესებლად პაციენტს დაეხმარება:

  • საჭმლის კარგად დაღეჭვა
  • ნელა ჭამა
  • დიდი რაოდენობით სითხეების მიღება საკვებთან ერთად
  • ჭამის დროს გამართულად ჯდომა
  • ძილის დროს, თავის ასაწევად რამოდენიმე ბალიშის გამოყენება, რაც მას თავიდან აცილებს კუჭის მჟავის ამოსვლას საყლაპავში მოდუნებული სარქვლის გავლით, რაც იწვევს გულძმარვას.

თუკი გულძმარვა ვითარდება მკურნალობის შემდეგ, პაციენტმა უნდა მიმართოს მის მკურნალ ექიმს, რადგან კუჭის მჟავის რეფლუქსის (უკუდინება) შესამცირებლად საჭიროა წამლები. ზოგჯერ ქირურგი ურჩევს პაციენტს წამლების რეგულარულად მიღებას, რათა პრობლემები ოპერაციის შემდეგ თავიდან იქნას აცილებული.

გაიგეთ მეტი გულძმარვის მკურნალობის შესახებ.

ასევე, საჭიროა თერაპევტის კონსულტაცია, თუკი გრძელდება ყლაპვის გართულებები ან წონის კლება.

მკურნალობის შემდეგ მცირე ხნის განმავლობაში გულმკრდის ტკივილის გაგრძელება ნორმალურია. ამის შესამსუბუქებლად დაგეხმარებათ ცივი წყლის დალევა.

 

კიბოს რისკი

თუ საყლაპავი შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებს, რომელიც კუჭში ნორმალურად ვერ გადადის, მცირედით იზრდება საყლაპავის სიმსივნის (cancer of the oesophagus) განვითარების რისკი.

ეს რისკი უფრო მნიშვნელოვანია, მკურნალობის გარეშე, დიდი ხნით დატვებული აქალაზიის დროს. ამის გამო, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის დროული და სწორი მკურნალობა, მაშინაც კი, როდესაც სიმპტომები არ აწუხებს პაციენტს.

დიდი ბრიტანეთის სიმსივნის კვლევის შედეგების მიხედვით, ზოგად პოპულაციასთან შედარებით:

-აქალაზიით დაავადებულ მამაკაცებს აქვთ საყლაპავის სიმსივნის 8-16-ჯერ უფრო მაღალი რისკი

-აქალაზიით დაავადებულ ქალბატონებს აქვთ ოცჯერ მაღალი რისკი საყლაპავის სიმსივნის ერთი კონკრეტული სახეობის (ადენოკარცინომა) განვითარებისა.

ბოლო განხილვის თარიღი: 28/10/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 28/10/2017