ალკოჰოლით მოწამვლა

ალკოჰოლით მოწამვლა ხდება, როდესაც ადამიანი სვამს ტოქსიკური რაოდენობის ალკოჰოლს, როგორც წესი მცირე დროის განმავლობაში.

მოწამვლა გამოწვეულია ნივთიერებების მიღებით, რომლებსაც შეუძლიათ ჯანმრთელობის და სიცოცხლის საფრთხის წინაშე დაყენება.

ალკოჰოლით მოწამვლა სახლში დამზადებული ალკოჰოლის შემცველი პროდუქტის მიღებითაც შეიძლება მოხდეს.

 

რას უნდა მიექცეს ყურადღება

ალკოჰოლით მოწამვლის ნიშნებსა და სიმპტომებს მოიცავს:

  • დაბნეულობა
  • ღებინება (ან გულისრევის შეგრძნება)
  • კრუნჩხვები (შეტევები)
  • შენელებული სუნთქვა (რვაზე ნაკლები ამოსუნთქვა წუთში)
  • ცივი, წებოვანი, ფერმკრთალი, მოლურჯო ფერის კანი, რომელიც სხეულის დაბალი ტემპერატურით (ჰიპოთერმია) არის გამოწვეული.

მძიმე შემთხვევებში, ალკოჰოლით მოწამვლამ შეიძლება გონების დაკარგვა, კომა და სიკვდილი გამოიწვიოს.

 

რა უნდა გაკეთდეს

თუ ეჭვობთ ალკოჰოლით მოწამვლას, აუცილებლად დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. არასდროს მისცეთ ასეთ პიროვნებას დაძინების საშუალება.

ალკოჰოლის დონე შესაძლებელია აგრძელებდეს მატებას, ამიტომ შესაძლებელია, რომ სიპტომები მოულოდნელად ბევრად უფრო დამძიმდეს.

მას შემდეგ, რაც პიროვნება საავადმყოფოში მოთავსდება, იგი ყურადღების ქვეშ იქნება იქამდე, სანამ ალკოჰოლის რაოდენობა სხეულიდან საბოლოოდ არ გამოიდევნება.

 

როგორ შეიძლება მოხდეს ალკოჰოლით მოწამვლა?

ყოველთვის, როცა ალკოჰოლს იღებთ, ღვიძლი სისხლიდან ალკოჰოლის გაფილტვრას იწყებს. ალკოჰოლი სხეულში სწრაფად შეიწოვება (ბევრად სწრაფად ვიდრე საკვები), თუმცა ორგანიზმს საათში მხოლოდ ერთი ერთეულის გადამუშავება შეუძლია.

იმ შემთხვევაში, თუ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს დროის მცირე მონაკვეთში მიიღებთ, მაგალითად საღამოს წვეულებაზე, თქვენს ორგანიზმს მისი სრულად დამუშავების დრო არ ექნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობა, ცნობილი, როგორც სისხლში ალკოჰოლის კონცეტრაცია (Blood Alcohol Concentration - BAC) იზრდება. რაც უფრო მეტია BAC, მით უფრო უარყოფით გავლენას ახდენს ის ორგანიზმის ფუნქციობაზე.

მაგალითად სისხლში ალკოჰოლის დონე (BAC):

  • 80 მილიგრამი (მგ) ალკოჰოლი 100 მილილიტრ სისხლში - თქვენ კონცენტრაციის დარღვევა და გარემოს შეცვლილად აღქმა აღგენიშნებათ;
  • 100-200 მილიგრამი – ადამიანს უჭირს აზროვნება და მეტყველება, ასევე ახასიათებს მეხსიერების პრობლემები და უაზროდ აცეცებს თვალებს;
  • 200 – 400 მგ - 100 მლ სისხლში - ამ შემთხვევაში, თქვენ აღგენიშნებათ გაორებული ხედვა, ცუდად ყოფნის შეგრძნება, ჰიპოთერმია და გაურკვევლად საუბარი;
  • 400 და მეტი მგ - შეიძლება სუნთქვის გართულება, კომა და სიკვდილი გამოიწვიოს.

ალკოჰოლის ძალიან დიდი დოზა აზიანებს იმ ნერვებს, რომლებიც ავტომატურ ქმედებებს აკონტროლებენ, როგორიცაა სუნთქვა, გულისცემა, ღებინების რეფლექსი (რაც იცავს ადამიანს დახრჩობისგან/გაგუდვისგან). ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება შეანელოს ან საერთოდ შეწყვიტოს ეს ფუნქციები, რამაც შედეგად შეიძლება სუნთქვის შეწყვეტა და უგონო მდგომარეობა გამოიწვიოს.

 

ალკოჰოლის ზღვრული რაოდენობები

რეკომენდირებული მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს კვირაში 14 ერთეულს და ასევე თუ კვირაში სვამთ ამ რაოდენობას, ეცადეთ ეს 14 ერთეული გადაანაწილოთ სულ მცირე 3 დღეზე მაინც.

ალკოჰოლის ერთი ერთეული არის ექვივალენტური:

  • 250 მლ საშუალო სიძლიერის ლუდი (ალკოჰოლის შემცველობით 3.6%)
  • 25 მლ ძლიერი ალკოჰოლური სასმელი (40%-იანი ალკოჰოლური სასმელები, როგორიცაა კონიაკი, ვისკი, არაყი და ა.შ.)
  • 175 მლ ღვინო (თეთრი, წითელი, ან ვარდისფერი, ალკოჰოლის შემცველობით 12%).

ბოლო განხილვის თარიღი: 23/06/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 23/06/2016