ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადება

ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებისგან განკურნება ხშირად დამოკიდებულია ადამიანის სურვილზე, შეწყვიტოს ალკოჰოლის მოხმარება და შეიტანოს ცვლილებები ცხოვრების წესში.

 

ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა

ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადების მკურნალობა გულისხმობს ალკოჰოლის მიღების შეწყვეტას. ეს ცნობილია, როგორც ალკოჰოლისგან თავშეკავება, რომელსაც შესაძლებელია სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს.

თუ გაქვთ ღვიძლის გაცხიმოვნება, დაზიანება შეიძლება გამოსწორდეს, ალკოჰოლის მიღებისგან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში თავის შეკავებით. ამ ეტაპის შემდეგ, როგორც წესი, უსაფრთხოა სმის განახლება რეკომენდირებული ნორმების მიხედვით.

თუ ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაზიანება, უფრო სერიოზული სახით ვლინდება - ალკოჰოლური ჰეპატიტის ან ციროზის სახით - რეკომენდირებულია სიცოცხლის ბოლომდე უარის თქმა ალკოჰოლის მიღებაზე. ეს არის ერთადერთი გზა, რომ თავიდან ავიცილოთ ღვიძლის დაზიანების გაუარესება და ღვიძლის დაავადებისგან პოტენციური სიკვდილი.

ალკოჰოლზე თავის დანებება არ არის ადვილი. ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანთა 70%-ს ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა აქვთ.

თუმცა, ალკოჰოლით გამოწვეული ციროზის, ან ალკოჰოლური ჰეპატიტის შემთხვევაში, სმის შეწყვეტის გარეშე, არ არსებობს არანაირი სამედიცინო ან ქირურგიული მკურნალობა ღვიძლის უკმარისობის თავიდან აცილებაში.

 

ალკოჰოლისგან თავის შეკავების სიმპტომები

თუ თქვენ თავს იკავებთ ალკოჰოლისგან, თქვენ შესაძლოა განიცდიდეთ თავის არიდების სიმპტომებს. თავდაპირველად მდგომარეობის გაუარესებას იგრძნობთ პირველი 48 საათის განმავლობაში, შემდეგ იგრძნობთ გაუმჯობესებას ალკოჰოლის გარეშე. ეს ჩვეულებრივ ბოლოჯერ სასმელის მიღებიდან სამი-შვიდი დღის განმავლობაში ხდება.

თავდაპირველად, ალკოჰოლისგან თავის შეკავების დროს, ადამიანებს ძილი ერღვევათ, თუმცა, ხშირ შემთხვევებში ის ნორმას ერთი თვის ვადაში უბრუნდება.

ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა გირჩიოთ, რომ ალკოჰოლის მიღება თანდათანობით და გეგმის მიხედვით შეამციროთ, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემები. თქვენ შეიძლება ასევე შემოგთავაზონ მედიკამენტი, სახელწოდებით, ბენზოდიაზეპინი და ფსიქოლოგიური მკურნალობა, როგორიცაა შემეცნებითი ქცევითი თერაპია (CBT), რათა დაგეხმაროთ ამ პროცესში.

ზოგიერთი ადამიანი საჭიროებს საავადმყოფოში ან სპეციალურ სარეაბილიტაციო კლინიკაში დარჩენას, რათა შესაძლებელი იყოს სიმპტომთა პროგრესირების მონიტორინგი.

თუ მკურნალობას სახლის პირობებში ამჯობინებთ, რეგულარულად მაინც უნდა მოინახულოთ თქვენი მკურნალი ექიმი, რომ მოხდეს მდგომარეობის მონიტორინგი.

 

რეციდივის (განმეორებითი შეტევების) პრევენცია

სმის თავის დანებების შემდეგ, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი მკურნალობა, რათა არ დაიწყოთ იგი ხელახლა.

პირველი მკურნალობის მეთოდი ჩვეულებრივ ფსიქოლოგიური თერაპიაა. ეს მოიცავს თერაპევტთან შეხვედრას, თქვენს განცდებსა და აზრებზე საუბარს და დაკვირვებას, თუ როგორ შეიძლება იმოქმედებს თქვენს ქცევასა და კეთილდღეობაზე.

ფსიქოლოგიური თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში, ალკოჰოლისგან თავის შეკავებისთვის, დამატებით შესაძლებელია საჭირო გახდეს მედიკამენტები, როგორიცაა:

  • აკამპროზატი (acamprosate)
  • ნალტრექსონი (naltrexone)
  • დისულფირამი (disulfiram)

გაიგეთ მეტი ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარების მკურნალობის შესახებ.

 

დიეტა და კვება

ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანებში მალნუტრიცია (მკვებავი ნივთიერებების ნაკლებობა ორგანიზმში) საკმაოდ გავრცელებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია კვება დაბალანსებული დიეტით, რათა დარწმუნდეთ, რომ იღებთ ყველა საჭირო ნივთიერებას.

მარილიანი საკვებისა და საკვებზე მარილის არ დამატებით შეიძლება შეამციროთ ტერფების, ფეხებისა და მუცლის შეშუპების რისკი, რომელიც გამოწვეულია სითხის დაგროვებით.

ღვიძლის დაზიანება, ასევე შეიძლება ნიშნავდეს გლიკოგენის შენახვის შეუძლებლობას (ნახშირწყლებისას, რომელიც უზრუნველყოფს მოკლევადიან ენერგიას). როცა ეს ხდება, ორგანზმი საკუთარი კუნთების ქსოვილს იყენებს კვებებს შორის ენერგიის აღდგენის უზრუნველსაყოფად, რაც იწვევს კუნთების განლევასა და სისუსტეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი ენერგია და მეტი ცილები საკვებში.

ჯანსაღი წახემსება კვებებს შორის კალორიებისა და ცილების შემცველობას აღადგენს. შესაძლებელია უფრო სასარგებლო და ადვილი იყოს დღეში 3-4 ჯერ კვება მცირე ულუფებით, ვიდრე ერთი ან ორი დიდი ულუფის მიღება დღის მანძილზე.

თქვენი ექიმი შეგირჩევთ შესაფერის დიეტას, ან რიგ შემთხვევაში, შესაძლოა მოგცეთ მომართვა დიეტოლოგთან.

მალნუტრიციის მძიმე შემთხვევებში, შესაძლოა საჭირო გახდეს ნივთიერებათა შეყვანა კვების მილის საშუალებით, რომელიც ჩადგმულია ცხვირიდან კუჭში.

 

წამლები სიმპტომების სამკურნალოდ

ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადების მკურნალობისთვის წამლების პირდაპირი გამოყენება საკამათოა. ბევრი ექსპერტები კამათობენ და ამტკიცებენ, რომ არსებობს შეზღუდული მტკიცებულებები მათი ეფექტურობის შესახებ.

მწვავე ალკოჰოლური ჰეპატიტის მქონე ადამიანები შესაძლოა მკურნალობის გავლას საავადმყოფოში საჭიროებდნენ. სპეციფიური მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით ან მედიკამენტი პენტოქსიფილინით შესაძლოა დანიშნონ, ღვიძლის ანთების შესამცირებლად ზოგიერთ ადამიანში. კვების უზრუნველყოფა (იხ. ზემოთ), ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევებში.

სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენებოდა ღვიძლის დაზიანების დროს მოიცავს:

თუმცა, მათი ეფექტურობის შესახებ მტკიცებულებათა ნაკლებობაა და ისინი აღარ გამოიყენება მძიმე ალკოჰოლური ჰეპატიტის დროს.

 

ღვიძლის გადანერგვა

ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადების ყველაზე რთული შემთხვევაა, როდესაც ღვიძლი კარგავს ფუნქციონირების უნარს, რასაც თან სდევს ღვიძლის უკმარისობა. ღვიძლის გადანერგვა ამჟამად ერთადერთი საშუალებაა შეუქცევადი ღვიძლის უკმარისობის განკურნებისთვის.

ღვიძლის გადანერგვა განიხილება იმ შემთხვევებში, თუ:

  • განვითარდა პროგრესული ღვიძლის უკმარისობა, ალკოჰოლზე თავის შეკავებისდა მიუხედავად
  • პაციენტი საკმარისად ჯანმრთელია, რომ ეს რთული ოპერაცია გადაიტანოს
  • პაციენტი მთელი ცხოვრების განმავლობაში უარს იტყვის ალკოჰოლის მიღებაზე.

ბოლო განხილვის თარიღი: 24/09/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 24/09/2017