ალკოჰოლის ერთეულები

ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს რა რაოდენობის ალკოჰოლურ სასმელს ვსვამთ და რა რაოდენობაა ორგანიზმისთვის დასაშვები ნორმა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ვიცით, რომ ალკოჰოლის რაოდენობის გაზომვა მისი ერთეულებით შეიძლება.

ალკოჰოლის ერთეულებით გაზომვის იდეა 1987 წელს დაიბადა დიდ ბრიტანეთში, რომ დახმარებოდნენ ხალხს სწორად შეეფასებინათ სმის კულტურა და შეძლებოდათ მისი ანალიზი.

ალკოჰოლის ერთეული წარმოადგენს სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელში შემავალი სუფთა სპირტის რაოდენობის მარტივი განსაზღვრის საშუალებას.

ალკოჰოლის ერთი ერთეული უდრის 10 მილილიტრ, ან 8 გრამ სუფთა სპირტს, რომელიც დაახლოებით უდრის იმ რაოდენობას, რისი გადამუშავებაც შეუძლია ზრდასრულ ჯანმრთელ ადამიანს ერთ საათში. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ერთეულის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ, თეორიულად ზრდასრული ადამიანის სისხლში ან არ იქნება, ან ძალიან მცირე რაოდენობით იქნება ალკოჰოლი დარჩენილი. თუმცა, ეს დრო საშუალოა და განსხვავდება სხვადასხვა ადამიანში.

ალკოჰოლურ სასმელში ერთეულების რაოდენობა დამოკიდებულია სასმელის ზომაზე (რაოდენობაზე) და ალკოჰოლის შემცველობაზე. მაგალითად, საშუალო სიძლიერის ლუდის ერთი კათხა (0.5 ლ) შეიცავს დაახლოებით 2-დან 2.5 ერთეულამდე. ხოლო 100 გრამი 40%-იანი ძლიერი ალკოჰოლური სასმელები, როგორებიცაა ვისკი, კონიაკი, არაყი, ჯინი და ა.შ. შეცავენ 4 ერთეულს.

 

ერთეულების გამოთვლა

ალკოჰოლის ერთეულების გამოყენებით სასმელის ალკოჰოლურობის განსაზღვრა ძალიან მარტივია. სასმელში ალკოჰოლის შემცველობა როგორც წესი გამოსახულია მის მოცულობაში სპირტის შემცველობით და აღნიშნულია პროცენტებით (%). ლათინურად ეს კონცენტრაცია აღინიშნება, როგორც ABV (Alcohol by volume) და ზომავს სპირტის პროცენტულ შემცველობას საერთო მოცულობაში. ABV-ს ნახვა შესაძლებელია სასმელის ეტიკეტებზე, თუმცა ზოგჯერ ის აღნიშნულია, როგორც VOL, ან Alcohol Volume”.

მაგალითად, ღვინოში, რომელსაც აქვს აღნიშვნა “12% ABV”, ან “VOL 12%”, 12%-ს წარმოადგენს სუფთა სპირტი.

ალკოჰოლის ერთეულების გამოსათვლელად საჭიროა ეს ციფრი გავამრავლოთ სასმელის საერთო მოცულობაზე (რაოდენობაზე) და შემდეგ გავყოთ 1000-ზე:

  • ალკოჰოლის სიძლიერე (ABV, ან VOL) xმოცულობაზე (მლ)/1000 = ალკოჰოლის ერთეულს.

მაგალითად, რომ გამოვთვალოთ რა რაოდენობის ალკოჰოლის ერთეულს შეიცავს 1 კათხა (500 მლ), 4.6%-იანი ალკოჰოლის შემცველობის ლუდი:

  • 4.6(%)x500(მლ)/1000=2.3 ერთეულს.

 

სასმელები და ერთეულები

წითელი, თეთრი, ან ვარდისფერი ღვინის (VOL 13.5%), 750 მლ-იანი ბოთლი შეიცავს ალკოჰოლის 10 ერთეულს.

იხილეთ სურათი, რომ გაგიჩნდეთ წარმოდგენა, თუ რა რაოდენობის ალკოჰოლის ერთეულებს შეიცავს სხვადასხვა სასმელი.

  

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური (National Health Service – NHS) რეკომენდაციას იძლევა, რომ:

  • მამაკაცებმა და ქალებმა არ შეიძლება რეგულარულად დალიონ კვირაში 14 ერთეულზე მეტი
  • თუ კვირაში სვამთ 14 ერთეულს, ეცადეთ ეს რაოდენობა გადაანაწილოთ სულ მცირე სამ დღეზე.

14 ერთეული დაახლოებით უდრის 5 კათხა საშუალო სიძლიერის ლუდს, ან 10 მცირე ზომის ღვინის ჭიქას.

ბოლო განხილვის თარიღი: 24/06/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 24/06/2017