ასთმა

ასთმა გავრცელებული ქრონიკული დაავადება, რომელსაც ხველის, ხიხინით სუნთქვის, მკერდის მოჭერის და სუნთქვის უკმარისობის გამოწვევა შეუძლია.

პაციენტებში სიმპტომების გამოვლენის სიმძიმე განსხვავებულია. ასთმის შემთხვევების უმეტესი ნაწილის ეფექტური მართვა შესაძლებელია, თუმცა ზოგიერთ ადამიანს შესაძებელია ჰქონდეს უფრო რთული პრობლემები.

ხანდახან ასთმის სიმპტომები შეიძლება თანდათანობით, ან უცაბედათ გაუარესდეს. ეს ცნობილია, როგორც “ასთმის შეტევა”, თუმცა ზოგჯერ ექიმები ამას მოიხსენიებენ, როგორც “გამწვავებას”.

მწვავე შეტევების შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ჰოსპიტალური მკურნალობა და შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა ეს ძალიან იშვიათია.

აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება თქვენ, ან თქვენს შვილს ჰქონდეს ასთმა. ექიმს ასევე აუცილებლად უნდა მიართოთ იმ შემთხვევაშიც, თუ ასთმის დიაგნოზი დაგისვეს, მაგრამ გიჭირთ სიმპტომების კონტროლი.

 

რა იწვევს ასთმას?

ასთმა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესით გამოწვეული პათოლოგიაა. სასუნთქი გზები მცირე ზომის მილები - ბრონქებია, რომლებიც ჰაერს ფილტვებისკენ და - პირიქით ატარებენ. ასთმის არსებობის შემთხვევაში, ბრონქებში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს და ჯანმრთელი ადამიანის ბრონქებთან შედარებით ეს გზები უფრო მგრძნობიარეა.

როდესაც ასთმიან ადამიანს, რომელიმე გამღიზიანებელთან-ტრიგერთან (იხ. ქვემოთ) აქვთ შეხება, მათი ჰაერგამტარი გზები ვიწროვდება, მათ გარშემო არსებული კუნთები იკუმშება და წებოვანი ლორწოს (ფლეგმა) ფორმირება იზრდება.

ასთმის გავრცელებულ ტრიგერები მოიცავს:

  • სახლის მტვრის ტკიპები
  • ცხოველის ბეწვი
  • ყვავილის მტვერი
  • სიგარეტის კვამლი
  • ვარჯიში
  • ვირუსული ინფექციები

ასეთმის ტრიგერი ასევე შეიძლება იყოს სამსახურში მუშაობის დროს შესუნთქული სპეციფიური ნივთიერებები (ალერგენები, ან ქიმიური ნივთიერებები). გაესაუბრეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი სიმპტომები უარესდება მუშაობის დროს და უმჯობესდება დასვენების დღეებში.

ასთმის გამომწვევი მიზეზი სრულად არ არის შესწავლილი, თუმცა ცნობილია, რომ მისი განვითარების რისკი იზრდება, თუ არსებობს ამ მდგომარეობის ოჯახური ისტორია, ანუ თუ ერთ ან ორივე მშობელს ასთმა აწუხებს, ამ დაავადების განვითარების უფრო მეტი შანსი იარსებებს.

ასთმის განვითარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოხდეს, მათ შორის პატარა ბავშვებშიც და ხანშიშესულ ადამიანებშიც. დიდ ბრიტანეთში, ყოველი 12 ზრდასრული ადამიანიდან, 1 ასთმითაა დაავადებული და ყოველი 11 ბავშიდან 1 ბავშვს აღენიშნება ეს დაავადება. თუმცა ზრდასრულ ადამიანებში ასთმა ქალებში უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე მამაკაცებში.

 

ასთმის მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ ასთმის განკურნება შეუძლებელია, არსებობს მთელი რიგი სამკურნალო საშუალებები, რომელთაც ამ მდგომარეობის ეფექტურად მართვა შეუძლიათ. მკურნალობა ორ მნიშვნელოვან მიზანზეა დამყარებული:

  • სიმპტომების მოხსნა
  • შემდგომი სიმპტომების განვითარებისა და შეტევების პრევენცია

ადამიანთა უმრავლესობაში, ეს მეთოდები შედგენილი იქნება იშვიათი, ან უფრო ხშირ შემთხვევებში ყოველდღიურად წამლების მიღებით, რომლებიც როგორც წესი ინჰალაციის (შესუნთქვით) საშუალებით მიიღება. თუმცა, ასთმის გამომწვევი პოტენციური აგენტების იდენტიფიცირება და მათთან კონტაქტის თავიდან არიდებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

უმჯობესი იქნება, თუ ასთმით დაავადებულს ექნება პირადი მოქმედების გეგმა, რომელიც შეთანხმებული იქნება მის მკურნალ ექიმთან და რომელშიც აღწერილი იქნება ინფორმაცია წამლების მიღების შესახებ, ასევე თუ როგორ უნდა შეამჩნიონ, თუ სიმპტომები უარესდება და რა უნდა მოიმოქმედონ ასეთ შემთხვევებში.

 

პერსპექტივა

მრავალი ადამიანისთვის, ასთმა გრძელვადიანი მდგომარეობაა, განსაკუთრებით თუ ის ახალგაზრდობაში განვითარდა.

ასთმის სიმპტომები კონტროლირებადია და მკურნალობასთან ერთად შექცევადი, თუმცა ზოგიერთი ადამიანი გრძელვადიან პერიოდში განიცდის სასუნთქი გზების მუდმივ შევიწროებას და უფრო გართულებულ პრობლემებს.

ბავშვობის ასაკში განვითარებული ასთმა შესაძლებელია თავისით გაქრეს, ან გამოკეთდეს თინეიჯერობის ასაკში, თუმცა ის შესაძლებელია მოგვიანებით ცხოვრებაში ისევ დაბრუნდეს. საშუალო, ან მწვავე სიძლიერის ასთმა, უფრო დიდი აბათობით დაბრუნდება მოგვაინებით ცხოვრებაში.

 

ასთმა: ანიმაცია (ინგლისურ ენაზე)

ასთმა ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც გავლენას ახდენს ფილტვებზე. ეს მდგომარეობა არ იკურნება, მაგრამ შეიძლება მისი კონტროლი. ანიმაცია დეტალურად აღწერს, თუ რა ხდება ორგანიზმში ასთმის დროს. 

ბოლო განხილვის თარიღი: 31/07/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 31/07/2016