არა-გონოკოკური ურეთრიტი

ურეთრიტი არის შარდსადენი მილის ანთება. ურეთრა არის მილი, რომლითაც შარდის ბუშტიდან გამოედინება შარდი. ანთება, ჩვეულებრივ, გამოწვეულია ინფექციით.

ტერმინი არა-გონოკოკური ურეთრიტი (აგუ) გამოიყენება, როდესაც ანთება გამოწვეული არ არის გონორეით, სქესობრივად გადამდები ინფექციით.

ზოგჯერ გამომწვევის დადგენის შეუძლებლობისას არაგონოკოკური ურეთრიტი (აგუ) ითვლება არასპეციფიკურ ურეთრიტად.

ქალებში აგუ-ს იშვიათად ახასიათებს სიმპტომები. კაცებში სიმპტომები მოიცავს:

  • მტკივნეულობა ან წვის შეგრძნება შარდვისას
  • ასოს თავის გაღიზიანება და ტკივილი
  • თეთრი ან მღვრიე გამონადენი ასოს თავიდან.

არაგონოკოკურ ურეთრიტზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ უროლოგს, ან ამ დაავადებებთან სპეციალიზირებულ კლინიკას

 

რატომ ვითარდება არაგონოკოკური ურეთრიტი?

აგუ-ს აქვს ბევრი შესაძლო გამომწვევი მიზეზი, მათ შორის შარდსადენის გაღიზიანება და სქესობრივად გადამდები დაავადებებიც. ამ შემთხვევების 43% გამოწვეულია ქლამიდიით.

არსებობს მრავალი შემთხვევა, როდესაც ინფექციის არსებობა საერთოდ არ დასტურება. თუმცა, გამომწვევი მიზეზის დაუდგენლობის დროსაც მკურნალობა მაინც შესაძლო ინფექციაზე იქნება. ეს მოიცავს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ანთება გამოწვეულია უცხო სხეულის მიერ, მაგალითად კათეტერით, ან თუნდაც გენიტალიებში კრემებისა და საპონის გამოყენებით.

 

ვინ ავადდება?

ურეთრიტი არის ადგილობრივი შარდ-სასქესო ორგანოთა სისტემის პათლოგიებისა და სქესობრივი სიჯანსაღის ცენტრში მამაკაცების ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, დიდ ბრიტანეთში.

ყოველწლიურად დიაგნოსტირდება ურეთრიტის ახალი 80 000  შემთხვევა მამაკაცებში. ქალებში უფრო რთულია დიაგნოზის დასმა, რადგან ანთება ძირითადად მიმდინარეობს თითქმის უსიმპტომოდ.

აგუ-ს დიაგნოზს, ჩვეულებრივ, სვამენ შარდისა და ნაცხის ანალიზის საფუძველზე.

 

არაგონოკოკური ურეთრიტის მკურნალობა

აგუ-ს სამკურნალოდ ძირითადად ინიშნება ანტიბიოტიკები. მათი მიღება შეიძლება დაიწყოთ დიაგნოზის დადასტურებამდეც. ანტიბიოტიკები გამოიწერება ისეთ შემთხვევებშიც, როცა აგუ-ს სავარაუდო გამომწვევი უცხო სხეული, კრემი ან საპონია. შემთხვევათა უმეტესობაში მკურნალობის მოკლე კურსის შედეგად სიმპტომები მთლიანად ალაგდება, ორი კვირის შემდეგ.

ყველაზე ხშირად ინიშნება ანტიბიოტიკები, აზითრომიცინი (azithromycin) და დოქსიციკლინი (ვიბრამიცინ-D) (doxycycline (Vibramycin-D)).  

მნიშვნელოვანია ძველი და ახლანდელი სექსუალური პარტნიორების მკურნალობაც, რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება.

მკურნალობის და სიმპტომების გაქრობის შემდეგ სქექსობრივი ცხოვრების გაგრძელება უსაფრთხოა.

 

არაგონოკოკური ურეთრიტის პრევენცია

რადგანაც აგუ, ძირითადად ვრცელდება სქესობრივი გზით, უსაფრთხო სექსის დანერგვა არის მისი პრევენციის საუკეთესო საშუალება.

უსაფრთხო სექსის ცნება გულისხმობს ბარიერულ კონტრაცეფციას, როგორიცაა პრეზერვატივი ან სანდო სქესობრივი პარტნიორის ყოლას.

 

გართულებები

აგუ-ს შეიძლება მოყვეს გარკვეული გართულებები. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება რეციდივები. სხვა გართულებებია:

  • რეაქტიული ართრიტი- იმუნური სისტემა იწყებს ჯანსაღი ქსოვილის დაზიანებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ტკივილი ან კონიუნქტივიტი.
  • ეპიდიდიმო-ორქიტი - სათესლე ჯირკვლების ანთება.

ქალებში არა-გონოკოკური ურეთრიტი, ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, თუ მდგომარეობა გამოწვეულია ქლამიდიით, მკურნალობის გარეშე შეიძლება განვითარდეს მენჯის ანთებითი დაავადება. რამაც, ხშირად განმეორების შემთხვევაში შეიძება გამოიწვიოს უშვილობა.

ბოლო განხილვის თარიღი: 2/09/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 2/09/2016